შეაჩერებენ თუ არა რუსული კანონის ამოქმედებას - საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სათათბიროდ გავიდა
დროის ათვლა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სათათბიროდ გავიდა. რვა მოსამართლე ახლა ფიქრობს, შეაჩეროს თუ არა რუსული კანონის მოქმედება. 14 საათიანი სასამართლო პროცესი ბათუმში ისე დასრულდა, რომ მოსამართლეებს არ უთქვამთ, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.
გუშინდელ პროცესზე მოსარჩელეებმა სიტყვით სასამართლო პლენუმს მიმართეს და შეახსენეს, რომ კონსტიტუციის 78 მუხლის აღსრულება მათი პასუხისმგებლობაცაა.
თუ თქვენ არ სცნობთ ამ დავას დასაშვებად და ამავე დროს არ გამოიყენებთ შეჩერების მექანიზმს, მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ შესაძლოა, არსებითი განხილვის ეტაპზე ბევრი ადამიანი, ვინც აქ წარმოადგენს მოსარჩელე მხარეს და ბევრი ადამიანი, ვინც აქ დარბაზში გვესწრება, ფიზიკურად, შესაძლოა, ვეღარ გამოცხადდეს პროცესზე. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ისევე, როგორც პარლამენტს და სხვა კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოსაც აკისრებს ვალდებულებას, გამოიყენოს ყველა ზომა, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა სხდომაზე.
პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ მოსამართლეებს პირდაპირ უთხრა, რომ ცხადია, რა დევს დღეს სასწორზე და რომ მათი ობიექტური გადაწყვეტილების იმედი აქვს.
ვითარებაში, როდესაც ამდენი რამ დევს სასწორის ამ მხარეს, მე უბრალოდ, არ მჯერა და არ მაქვს განცდა, რომ სასამართლომ ეს ვერ დაინახა. მე არ მინდა ვინანო, რომ როდესაც ნდობის მანდატი გამოვუცხადე აქ მყოფ რამდენიმე მოსამართლეს, არ მინდა არასდროს ვინანო, - თქვა ბესელიამ პროცესზე.
მოპასუხე მხარე კი ცდილობდა დაერწმუნებინა სასამართლო, რომ ტერმინი "უცხო ძალის გამტარი" მესამე სექტორისთვის სტიგმატიზაციას არ ქმნის.
უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელი როგორც ცალ ცალკე სიტყვები, ისე ერთობლივად, საერთდო არ წარმოშობს სტიგმატიზაციას. არამედ ეს არის მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია და მეტი არაფერი. ამ კანონის მიზანი არის ძალიან მარტივი: საზოგდოებას, ხელისუფლების წყაროს, ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ის ორგანიზაციები, რომლებსაც თავის მხრივ დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, - თქვა მოპასუხე მხარემ.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წარმომადგენელი ლევან კასრაძე, რომელიც ახლა საკონსტიტუციოში რუსულ კანონს იცავს, ოსლოში სწავლობდა და მის სწავლას ნორვეგიის სახელმწიფო აფინანსებდა. "პირველებმა" მას მიმართა კითხვით, მიიჩნევს თუ არა თავს "უცხო ძალის გამტარებლად". კასრაძეს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.
თავს შევიკავებდი კომენტარის გაკეთებისგან, დავიღალე, მაქვს უფლება, რომ არ გიპასუხოთ, - უთხრა კასრაძემ "პირველებს".
ივანიშვილის ხელისუფლება რუსული კანონის მიხედვით აღსრულების პროცესს სამშაბათიდან იწყებს. დააჯარიმებენ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც აგენტების ბაზაში არ დარეგისტრირდა.