„ოცნება” განაგრძობს განათლების გამოყენებას მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად - რევაზ აფხაზავა

01.09.24 12:28
„ოცნება” განაგრძობს განათლების გამოყენებას მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად - რევაზ აფხაზავა

„ოცნება” განაგრძობს განათლების გამოყენებას მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა რევაზ აფხაზავამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, სკოლის დირექტორების შემდეგ ხელისუფლება პროფესიული კოლეჯების დირექტორებს მისდგა და მათ მუშაობას "ქართული ოცნების" სასარგებლოდ აიძულებს. 

აფხაზავამ აღნიშნა, რომ "ძლიერი საქართველოს" მიზანს სწორედ განათლების სისტემის  პარტიული წნეხისგან გათავისუფლება წარმოადგენს.

„ქართული ოცნება” განაგრძობს განათლების გამოყენებას მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სკოლის დირექტორების შემდეგ დადგა პროფესიული კოლეჯების დირექტორების ჯერი. ეს ადამიანები ჯერ მოვალეობის შემსრულებლებად გადაიყვანეს, შემდეგი კი ჩაატარეს ახალი დირექტორების შესარჩევი კონკურსი, რომელიც მანკიერი ტრადიციის თანახმად ძირითადად ზეპირი გასაუბრებით შემოიფარგლებოდა. აღმოჩნდა, რომ ვერცერთმა მსურველმა (ვერც ყოფილმა დირექტორებმა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მართავდა კოლეჯებს და ვერც სხვა კონკურსანტებმა) ვერ დაიმსახურეს გასაუბრებისას საკონკურსო კომისიის მოწონება (იმ კომისიის, რომლის წევრების უმრავლესობა არაკომპეტენტურია ამ სფეროში).

„ძლიერი საქართველოს” მიზანს წარმოადგენს განათლების სისიტემის გათავისუფლება პარტიული წნეხისგან, დეცენტრალიზაციის გზით სამინისტროს ფუნქციების შემცირება და მათი დელეგირება სასწავლო დაწესებულებების დონეზე. ამ ყველაფერს ჩვენ შევძლებთ 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც საბოლოოდ გაფორმდება საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის ძალაუფლებაზე დახარბებული ხელისუფლების მარცხი. ქართულმა ოცნებამ პროფესიული განათლების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო პროფესიული უნარების სააგენტოს უფროსის გათავისუფლებით, რის გამოც უამრავმა პროფესიონალმა დატოვა ეს სააგენტო, შემდეგ თანამშრომლების დევნით, როდესაც კლეოპატრა ქარუმაშვილის გაათავისუფლეს კრიტიკული ფეისბუკ პოსტების გამო და ახლა უკვე დირექტორების რეპრესიით დამთავრებული, - განაცხადა რევაზ აფხაზავამ.