"ორგანიზაცია „ეკო ცენტრი“ იხურება რუსული კანონის გამო - განცხადება
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "ეკო ცენტრი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს - ორგანიზაცია წერს, რომ რუსული კანონის გამო "ეკო ცენტრი" იხურება.
ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იძულებულები არიან, რუსული კანონის გამო შექმნილ რეესტრში დარეგისტრირდნენ, რადგან რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში ჯარიმის მიღება სამომავლოდ მათი ბევრი ქმედების შეზღუდვას ნიშნავს.
"ეკო ცენტრი" ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ არჩევნების შემდეგ რუსული კანონი არ გაუქმდა, მაშინ მუშაობას აღარ გააგრძელებენ და დაიხურებიან.
"ორგანიზაცია „ეკო ცენტრი“ იხურება რუსული კანონის გამო.
თუ არჩევნების შემდეგ ეს კანონი არ გაიწვიეს, ვხურავთ ოფისს და მოვიფიქრებთ, რა გზით გავაგრძელებთ ფუნქციონირებას (თუ ეს საერთოდ შევძელით).
თუმცა, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სახელით ეს არ იქნება. ამიტომ უკვე დიდი ხანია ახალ პროექტებს არ ვწერთ.
არჩევნებამდე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, რათა უფრო მეტ მოქალაქეს ველაპარაკოთ გარემოს დაცვის და ძლიერი სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობაზე.
ასევე, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენს დაპირებას და 20 ოქტომბრის ჩათვლით მოტანილი პლასტმასისა და მაკულატურის სანაცვლოდ, ოქტომბრის ბოლოს გავცემთ ნერგებს და ასევე, გავამწვანებთ რუსთავის ჭალის ტყეს (დიახ, მათ შორის ასეთი საქმიანობისთვის გვრაცხავენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად).
რადგან რუსული კანონის გაწვევის საკითხი ჯერ ბუნდოვანია, იურისტებთან კონსულტაციის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ჯარიმის მიღება სამომავლოდ ჩვენი ბევრი ქმედების შეზღუდვას ნიშნავს და ამიტომ მივიღეთ მართლა ღირსების შემლახავ რეესტრში რეგისტრაციის გადაწყვეტილება. თუმცა, არჩევნების შემდეგ, თუ ეს კანონი არ გაუქმდა, ჩვენ ორგანიზაციულ მუშაობას არ გავაგრძელებთ.
ჰოდა, ამ მავნებლური კანონის უტიფარი დამცველები რომ აფრიალებენ 233 ორგანიზაციაა უკვე დარეგისტრირებულიო, ეს არ ნიშნავს, რომ 233 აგრძელებს მუშაობას და ეთანხმება კანონს. თუ ეს კანონი არ გაუქმდა, ჩვენ ვიხურებით ამ კანონის გამო!"- წერია განცხადებაში.
- რუსული კანონი ძალაში 3 ივნისიდან შევიდა - "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონი ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" აცხადებს და მათ ავალდებულებს, რუსული კანონის გამო შექმნილ რეესტრში დარეგისტრირდნენ.
- იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაარეგისტრირებენ და 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
- რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ევროკავშირმა, აშშ-მა და სტრატეგიულმა პარტნიორმა, საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა.