ყველა დარწმუნდა, რომ ხელისუფლებისთვის შუშის აკვარიუმში ჩასმული შეშინებული ივანიშვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხი - მანჯგალაძე

02.09.24 12:38
ყველა დარწმუნდა, რომ ხელისუფლებისთვის შუშის აკვარიუმში ჩასმული შეშინებული ივანიშვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხი - მანჯგალაძე

ხალხი „ქართული ოცნების“ ამ კამპანიით საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებისთვის შუშის აკვარიუმში ჩასმული შეშინებული ბიძინა ივანიშვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხი და მისი პრობლემები, - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერი პაატა მანჯგალაძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში უამრავ ადამიანს შეხვდა, რომლებიც ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობდა.

მანჯგალაძე პირდაპირ ამბობს, რომ 26 ოქტომბრეს საზოგადოებამ არჩევანი  ევროპაში კეთილდღეობასა და ივანიშვილთან ერთად სიღატაკეს შორის უნდა გააკეთოს. 

“უამრავ ადამიანს ვხვდებით „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში და ხალხი განწყობილია უკეთესი ცვლილებებისთვის, საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს. 

არ დამავიწყდება ჯვარში სკოლის მასწავლებლებთან საუბარი, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ხელისუფლება იმდენად აცდენილია რეალობას და იმდენად გათავხედდნენ, რომ დაპირებითაც კი არ გვპირდებიან, რომ რამეს შეცვლიან და ჩვენთვის, ხალხისთვის რამეს გააკეთებენ. 

თუმცა, რომც დაგვპირდნენ ვინ დაიჯერებს, თუ მართლა რამის გამკეთებლები იყვნენ, 12 წელი ჰქონდათ ამისთვის და გააკეთებდნენო. ხალხი „ქართული ოცნების“ ამ კამპანიით საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებისთვის შუშის აკვარიუმში ჩასმული შეშინებული ბიძინა ივანიშვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხი და მისი პრობლემები. 

 26 ოქტომბრისთვის გადაწყვეტილებაც შესაბამისია. ამ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეები მხარს დაუჭერენ ერთიანობას, ევროპას, უკეთესი ცხოვრების პირობებს და ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას. 

 ჩვენ გვაქვს მარტივი არჩევანი, კეთილდღეობა ევროპასთან ერთად ან სიღარიბე ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად” - ამბობს პაატა მანჯგალაძე.