დიქტატორებსაც კი არ უთქვამთ, რომ ოპოზიციის მოსპობას აპირებენ - ლორა თორნტონი “ოცნებაზე“
საქართველოში "ენ-დი-აის" ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის დაპირება -ოპოზიციური პარტიების ლიკვიდაციის შესახებ, წინასაარჩევნო კამპანიისთვის უჩვეულო რამაა.
ლორა თორნტონის თქმით, ის რაც მან საქართველოში წინასააარჩევნო რისკების შეფასებაზე მუშაობისას ნახა, დამთრგუნველი იყო.
ძალიან შეშფოთებული ვარ. სინამდვილეში, ზაფხულის განმავლობაში, ჩემი შეშფოთება გაიზარდა. ივნისში საქართველოსთვის წინასაარჩევნო რისკების შეფასებაზე ვიმუშავე და ყველა გამოწვევის გათვალისწინებით, რაც ვნახე, ის ნამდვილად იყო დამთრგუნველი. მაგრამ, ვფიქრობ, ეს მხოლოდ უარესდება. განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან წამოსული რიტორიკით. რა თქმა უნდა, რაც ახლა ვაშინგტონში ყველას განსაკუთრებით გვაშფოთებს, ოპოზიციური პარტიების ლიკვიდაციის შესახებ, პრემიერ-მინისტრის დაპირებაა - ეს წინასაარჩევნო კამპანიისთვის უჩვეულო რამაა. კარიერის განმავლობაში, მიცხოვრია და მიმუშავია დიქტატორულ ქვეყნებში და დიქტატორებსაც კი არ უთქვამთ, რომ ოპოზიციის მოსპობას აპირებენ. არ ვიცი ეს უბრალოდ რიტორიკაა თუ არა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, საგანგაშო ნიშანია. შეშფოთების სხვა საგანია დაპირებული საარჩევნო რეფორმების ნაკლებობა, არათანაბარი სათამაშო მოედანი, კანონები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და "უცხოეთის აგენტების" შესახებ, რომლებსაც შეუძლია შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება, არჩევნების დამკვირვებლები და ა.შ. ასე რომ დიახ, სამწუხაროდ, ღრმად შეშფოთებული ვარ“, - აცხადებს თორნტონი “ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.