ამერიკელმა და ევროპელმა დონორებმა საქართველოში შექმნეს ფრანკენშტაინის ურჩხული - პაპუაშვილი
"ხელოვნური სამოქალაქო საზოგადოების შექმნით, ამერიკელმა და ევროპელმა დონორებმა საქართველოში შექმნეს ფრანკენშტაინის ურჩხული, რომელიც უპირობოდ ესხმოდა თავს სახელმწიფოს, ახლა კი დაიწყო საკუთარი წრის კანიბალიზაცია" - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "სირცხვილიას" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
"ქართული ოცნების" წევრი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ "დონორთა საზოგადოება საკუთარ ბენეფიციარებს, რომელთაც მანიპულაციისთვის კლანი შექმნეს, მძევლად ჰყავს აყვანილი."
გასულ შაბათ-კვირას, ქართულმა "სამოქალაქო საზოგადოებამ", იგივე უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულმა NGO-ებმა, აბუჩად აიგდეს საკუთარი, ე.წ. სირცხვილის მოძრაობა. ამ კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა თავისი დაფინანსების დეკლარაცია გაესაჯაროებინა, როგორც ამას ახლახან მიღებული გამჭვირვალობის კანონი ითვალისწინებდა, მაგრამ ფართო ვირტუალური ბულინგის შემდეგ, სირცხვილიამ გადაწყვეტილება შეცვალა და დირექტორიც კი გაათავისუფლა.
ეს მართლაც სამარცხვინო ეპიზოდი ავლენს გონების დახურვის, კონფორმიზმისა და სიძულვილის მასშტაბებს უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ NGO-ებს შორის.
მოდით, საქმეზე გადავიდეთ: ხელოვნური სამოქალაქო საზოგადოების შექმნით, ამერიკელმა და ევროპელმა დონორებმა საქართველოში შექმნეს ფრანკენშტაინის ურჩხული, რომელიც უპირობოდ ესხმოდა თავს სახელმწიფოს, ახლა კი დაიწყო საკუთარი წრის კანიბალიზაცია. ეს არის არასასურველი შედეგი იმისა, რომ შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული საკუთარი ხალხის წინაშე, სახელმწიფო ინსტიტუტებისგან განსხვავებით.
სამწუხაროდ, დონორთა საზოგადოება, როგორც ჩანს, მძევლად ჰყავს საკუთარ ბენეფიციარებს, რომლებმაც შექმნეს კლანი (მათი საყვარელი ტერმინი), რათა იმანიპულირონ. მოლოდინსა და რეალობას, განზრახვებსა და შედეგებს, პრინციპებსა და მანიპულირებას შორის ამ შეუსაბამობამ მხოლოდ ქართული, უცხოური დაფინანსებით დაფინანსებული NGO-ების რადიკალიზმის გაძლიერება გამოიწვია, რამაც ისინი ძალიან დაამსგავსა ჩვენს უბედურ ოპოზიციურ პარტიებს". - წერს პაპუაშვილი.
ერთ დღეში ორჯერ შეცვლილი პოზიცია და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ბუნდოვანი გადაწყვეტილება. ორგანიზაციამ, რომელიც რუსულ კანონს თვეების განმავლობაში უწყვეტად აპროტესტებდა, მოულოდნელად ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა და დაანონსა, რომ აგენტების რეესტრში რეგისტრაციას და "ოცნების" რუსული კანონის აღსულებას აპირებდა. გადაწყვეტილებას მყისიერად მამუკა მდინარაძის შექება მოჰყვა, თუმცა მალევე "ოცნების" ლიდერს სიტყვების უკან წაღება მოუწია, რადგან სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პოზიცია შეცვალეს, ვიდეო წაშალეს, დირექტორი გადააყენეს და ისევ რუსული კანონის მოწინააღმდეგების რიგებში გადაინაცვლეს. ახლა "სირცხვილიასგან" განმარტებებს ის აქტივისტებიც ელოდებიან, ვინც მათთან ერთად წლები პროტესტის ეპიცენტრში გაატარა, თუმცა მოძრაობის წევრები არსად ჩანან და მხოლოდ წერილობით განცხადბებს ავრცელებენ.