"ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა მომავალ თაობებს ჯოჯოხეთში ცხოვრების ფასად დაუჯდება - ბოკერია

02.09.24 17:39
"ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა მომავალ თაობებს ჯოჯოხეთში ცხოვრების ფასად დაუჯდება - ბოკერია

ივანიშვილის ხელისუფლების ოპონენტები საქართველოს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვების უკან, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს, 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნებში მმართველი პარტიის წაგების შიშს ხედავენ.

კოალიცია "ძლიერ საქართველოში" ფიქრობენ, რომ მმართველი პარტიის მიღმა, ოპოზიციურ ველზე, "რამდენიმე სიმძიმის პოლიტიკური ცენტრი" არსებობს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებას მნიშვნელოვან წინააღმდეგობას გაუწევენ.

როგორც "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილის გუნდის მიერ საზოგადოების დაშინების მცდელობა, რომ თითქოს, ოპოზიციურ სპექტრში "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, არც ერთი სხვა პოლიტიკური ძალა არ არსებობს, ფაქტობრივად, ჩამოინგრა. 

"ქართული ოცნების" პოლიტიკა, რომ დააშინოს საზოგადოება იმით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, არ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც შეიძლება, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ეს პოლიტიკაც, ფაქტობრივად, დაიშალა, რადგან დღეს არის რამდენიმე სიმძიმის ცენტრი პოლიტიკური. ჩვენ ვხედავთ, რომ მხარდაჭერა, მათ შორის, ჩვენი კოალიციური ძალის დღითიდღე იზრდება და ნათელია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არცერთ პოლიტიკურ ძალას მარტო არ ექნება ამ ქვეყნის მართვისთვის საჭირო ხმების რაოდენობა", - ამბობს სამადაშვილი.

პლატფორმა "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია "პირველებთან" ამბობს, რომ სწორედ კოალიციური მთავრობაა ის ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც ქართელმა ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა აირჩიოს.

გიგა ბოკერიას თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, "ახალ თაობას საქართველოში ცხოვრება ჯოჯოხეთში ცხოვრების ფასად დაუჯდება".

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კოალიციური მთავრობა და რეფორმების გატარება ასეთი ზიანის შემდეგ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა უკვე მიაყენა ქვეყანას, არ იქნება მარტივი, მაგრამ ამას ალტერნატივა არ გააჩნია. ალტერნატივა არის ამ ჭაობში ბოლომდე ჩაფლობა და ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება, რაც მომავალ თაობებს დაუჯდება ჯოჯოხეთში ცხოვრების ფასად", - ამბობს ბოკერია. 

ცნობისთვის, 31 აგვისტოს, გურიაში, "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობაზე, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღიარა, რომ "არ არსებობს იდეალური მმართველი ძალა, არ არსებობს იდეალური პარტია, არ არსებობს იდეალური მთავრობა", თუმცა ამასთან აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს".