მოვუწოდებთ რუსეთსს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - ნედ პრაისი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს. ნედ პრაისი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ამერიკა სოლიდარულია საქართველოს მოსახლეობის მიმართ.
13 წლის წინ რუსეთის შეარაღებული ძალები საქართველოში შეიჭრნენ.დახოცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ათასობით ადამიანი აიძულეს, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ახლაც კი, რუსეთის ძალებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20%.
რუსეთის ოკუპაციას ტრაგიკული ადამიანური საფასური მოჰყვა, განსაკუთრებით "კოვიდ-19"-ის პანდემიის დროს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უწყვეტი დაბრკოლება სიცოცხლის საფასურად უჯდებათ და ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარული ვართ ქართველი ხალხის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან,"-აცხადებს ნედ პრაისი ვიდეომიმართვაში.