"საუკუნის აფიორა და დადგმული ფართომასშტაბიანი სპექტაკლი" - მდინარაძე რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტზე
"საუკუნის აფიორა და დადგმული ფართომასშტაბიანი სპექტაკლი" - ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს.
"ქართული ოცნების" წევრი ირწმუნება, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონის წინააღმდეგ ჩატარებული დემონსტრაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული.
ამასთან, მამუკა მდინარაძე ორგანიზაცია "სირცხვილიას" ესხმის თავს და აცხადებს, რომ "სირცხვილია" ფაშისტურ ბულინგთან დამარცხდა და სწორედ ამიტომ წაიღო საკუთარი სიტყვები უკან ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, "სირცხვილიამ" თავის თავზე გამოსცადა ფაშისტური ბულინგის გემო, რასაც ვერ გაუძლო, დამარცხდა ამ ბულინგთან და უკან წაიღო თავისი სიტყვები, სადაც ისინი აღიარებდნენ, რომ არანაირი აგენტი და მსგავსი მიდგომები გამჭვირვალობის კანონში არ იყო. ეს იყო საუკუნის აფიორა, რომელიც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პროცესს არა რუსულ კანონს ერქვა. ეს იყო დადგმული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, სპექტაკლი, რომელიც იყო მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ", - ამბობს მდინარაძე.
ერთ დღეში ორჯერ შეცვლილი პოზიცია და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ბუნდოვანი გადაწყვეტილება. ორგანიზაციამ, რომელიც რუსულ კანონს თვეების განმავლობაში უწყვეტად აპროტესტებდა, მოულოდნელად ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა და დაანონსა, რომ აგენტების რეესტრში რეგისტრაციას და "ოცნების" რუსული კანონის აღსულებას აპირებდა.
გადაწყვეტილებას მყისიერად მამუკა მდინარაძის შექება მოჰყვა, თუმცა მალევე "ოცნების" ლიდერს სიტყვების უკან წაღება მოუწია, რადგან სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პოზიცია შეცვალეს, ვიდეო წაშალეს, დირექტორი გადააყენეს და ისევ რუსული კანონის მოწინააღმდეგების რიგებში გადაინაცვლეს. ახლა "სირცხვილიასგან" განმარტებებს ის აქტივისტებიც ელოდებიან, ვინც მათთან ერთად წლები პროტესტის ეპიცენტრში გაატარა, თუმცა მოძრაობის წევრები არსად ჩანან და მხოლოდ წერილობით განცხადბებს ავრცელებენ.