იურისტებმა, ყველა ადამიანს, რომლებიც კანონს რუსულს უწოდებდნენ, თავზე გადაახიეს სარჩელი - მდინარაძე
უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის აპარატის იურისტებმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირებს სარჩელი "თავზე გადაახიეს".
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირწმუნება, რომ ქვეყნის მთავარ სასამართლოში შესული სარჩელი, რომლითაც პრეზიდენტი, მესამე სექტორი, ოპოზიცია და მედია ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონის აღსრულების შეჩერებას ითხოვდა, საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული.
იურიდიული კომიტეტის ახალგაზრდა პროფესიონალმა იურისტებმა ყველა ადამიანს, რომელიც რუსულ კანონს უწოდებდა სპეკულაციურად და განზრახ, თავზე გადაახიეს თავისი სარჩელი. ჩვენ ვნახეთ 3-დღიანი პროცესი, როდესაც მაღალპროფესიულ დონეზე იურისტებმა ყველა კომპონენტში მოუგეს პროცესი ნაცმოძრაობის სხვადასხვა წარმომადგენელეს. საერთო ჯამში ეს იყო უსამშობლოთა სარჩელი, საჩივარი, საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირწმინდად მოიგეს ახალგაზრდა თაობის იურისტებმა", - ამბობს მდინარაძე.
დროის ათვლა დაიწყო - საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სათათბიროდ გავიდა. რვა მოსამართლე ახლა ფიქრობს, შეაჩეროს თუ არა რუსული კანონის მოქმედება. პროცესი ბათუმში ისე დასრულდა, რომ მოსამართლეებს არ უთქვამთ, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.
ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის დაცვა ანრი ოხანაშვილს, თენგიზ შარმანაშვილსა და არჩილ გორდულაძეს ჩააბარა, თუმცა სხდომაზე პარლამენტის აპარატის წარმომადგენლების გარდა, რუსული კანონის დამცველი დეპუტატები არ გამოჩნდნენ.
მოსარჩლე პირები კი საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსია.
ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია, გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ მაჭარაძე და კახი სამხარაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ირემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.