პრეზიდენტი: "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, პრაქტიკულად, ომს უცხადებს ჩვენს პარტნიორებს და საკუთარ ხალხს

02.09.24 21:31
პრეზიდენტი: "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, პრაქტიკულად, ომს უცხადებს ჩვენს პარტნიორებს და საკუთარ ხალხს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომრეს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს.

ქვეყნის მთავარსარდალი რეგიონებში, პარტიულ ყრილობაზე, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოლიგარქისა და მისი თანაგუნდელების მიერ ოპოზიციური სპექტრის გაქრობის მუქარით, "ოცნებამ" ომი, პრაქტიკულად, არა მხოლოდ პარტნიორებს, არამედ საკუთარ ხალხსაც გამოუცხადა.

"მმართველი პარტია ჯერ ნაბიჯ-ნაბიჯ, შემდეგ კი დაჩქარებული გზით მიიწევს რაღაცისკენ, რაც სრულიად უცხოა ქვეყნისთვის" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ერთი გადარჩა მეტ-ნაკლებად - პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ მასაც თავს დაესხნენ. ყველას გახსოვთ იმპიჩმენტის პროცედურა და ყველამ იცით, რომ რეალური ძალაუფლების კუთხით, გარდა სიტყვის ძალისა, პრეზიდენტის ინსტიტუტს თანდათან უარი უთხრეს თითქმის ყველა უფლებამოსილებაზე, რითაც შესაძლებელი იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება", მმართველი პარტია, ნამდვილად მიიწევს ჯერ, ნაბიჯ-ნაბიჯ, შემდეგ კი დაჩქარებული გზით რაღაცისკენ, რაც სრულიად უცხოა ამ ქვეყნისთვის.

როცა გვაქვს „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის უახლესი გამოსვლები, რომელიც პრაქტიკულად ომს უცხადებს ჯერ ჩვენს პარტნიორებს და მათ ომის პარტიებს უწოდებს, მაგრამ ასევე ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას (რაც მათი ოცნებაა) და პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ, ან მართლმსაჯულების სისტემაში გაატარებენ, რომელიც უკვე აღარ არსებობს", - განაცხადა პრეზიდენტმა.