პრეზიდენტი: ვნახეთ საკონსტიტუციო, რომელიც ცდილობს გაამართლოს, რომ რუსული კანონი ქვეყანას ევროპულ მომავალს არ ართმევს
"ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ცდილობს მთელი რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს არ ართმევს" - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მთავარ სასამართლოში რუსული კანონის აღსრულების შეწყვეტის მოთხვონით გამართულ ისტორიულ პროცესს.
ქვეყნის მთავარსარდალი ამბობს, რომ რუსული კანონი როგორც მისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვის მიუღებელია, რადგან ივანიშვილის გუნდი რუსული სულისკვეთების მქონე კანონით ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის დამყარებას ცდილობს.
ჩვენ გუშინ და გუშინ წინ ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუ როგორ ცდილობს ახლა მთელი რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი ნამდვილად არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომ ის არ მოქმედებს ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე. ასე რომ, ეს ყველაფერი მიუღებელია.
ეს, პირველ რიგში, მიუღებელია ქართველი ხალხისთვის; და ქართველმა ხალხმა ქუჩაში გამოსვლით უკვე ორჯერ თქვა - შარშან და წელს ძალიან მკაფიოდ, რომ არ ეთანხმება იმას, რაც ამ ქვეყანაში ხდება; ისინი არ იღებენ საქართველოს ამ ახალ იმიჯს და რომ არ არიან მზად ამ ავტორიტარულ ახალ რეჟიმს და ძალაუფლებას დაემორჩილონ", - განაცხადა პრეზიდენტმა.