"ოცნებამ" განსხვავებული პოზიციის გამო ეპისკოპოსები გალანძღა, სწორედ ასეთი ქრისტიანობა აქვთ მათ - ჯაფარიძე
"ოცნების" ლიდერები ქრისტიანები არიან, რომლებიც განსხვავებული პოზიციის გამო ეპისკოპოსებს ლანძღავენ, ასეთი ქრისტიანობა აქვთ მათ - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "ოცნების" გეგმის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც მთავრობამ საპტრიარქოს შესთავაზა, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, "ივანიშვილის გუნდს წინასაარჩევნო ხრიკი წყალში ჩაუვარდა, რადგან ეკლესიამ პრიცნიპული პოზიცია დააფიქსირა".
ეს იყო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ხრიკი, რომელიც არ გაუვიდათ. ეკლესიამ დაიკავა პრინციპული პოზიცია ამ შეთავაზებასთან მიმართებით, რომლის მიზნებიც იყო სრულიად სხვა, ვიდრე მართლმადიდებლობის, ან ეკლესიის განმტკიცებაა. მათ მიიღეს მტკიცე პასუხი ეკლესიისგან. ახლა მათი მცდელობა იყო, რომ როგორმე იმ უხერხულობიდან გამოსულიყვნენ, რომელშიც თავადვე აღმოჩნდნენ. ეკლესიის პოზიცია მკაფიოა და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. "ოცნება" ცდილობს, მოძებნოს გზა, რომ უხერხულობიდან გამოვიდნენ და თან თავს ესხმიან მღდელმთავრებს. ქრისტიანები არიან, რომლებიც ლანძღავენ ეპისკოპოსებს იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი თქვეს. ასეთი ქრისტიანობა აქვთ მათ", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
"ოცნების" ახალი შეთავაზება საპატრიარქოს - მას შემდეგ, რაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ივანიშვილის გუნდმა უარი მიიღო, ხელისუფლებამ ახალი გზა მოიფიქრა - "ქრისტიანობა სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია" - ახლა ასეთი ჩანაწერი დაანონსეს კონსტიტუციაში.
ამის პარალელურად, "ქართული ოცნება" წმინდა სინოდის იმ წევრებზე განაგრძობს შტურმს, ვინც საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და ეკლესიის დამორჩილების მცდელობაზე ღიად ისაუბრა.
"მეუფეები მიდიან და მოდიან, დედა ეკლესია კიი დგას" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა დღეს ალუდა ღუდუშაური საპატრიარქოს პოზიციას.