TI ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციაზე უარს ამბობს

02.09.24 22:46
TI ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციაზე უარს ამბობს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირებაზე უარს აცხადებს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა "საჯარო პოლიტიკის" ეთერში განაცხადა.

მესამე სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციის პოზიციას მკაფიოდ გამოხატავს და აღნიშნავს, რომ TI ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონით ოპერირებას არ აპირებს. 

მე წარმოვადგენ იმ ორგანიზაციას, რომელიც ყოველთვის ემსახურებოდა ქართველ ხალხს და არასდროს არ დარეგისტრირდება ამ რეესტრში. ხელისუფლების წარმომადგენლები იქამდე, სანამ მიიღებდნენ რუსულ კანონს, ისედაც გვემუქრებოდნენ. მათი მუქარები თითქმის ყოველ მეორე დღეს გვესმოდა. მათთვის გასაგებია, რომ ნერვებს ვუშლით, რადგან ვსაუბრობთ კორუფციაზე მთავრობაში, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ნეპოტიზმზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ხალხის ფულით მდიდრდებიან. ეს მუქარები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართაც ჰქონდათ. ისინი ჩვენი ე.წ. გაშავების კამპანიას აორგანიზებდნენ და ათას სისულელეს ავრცელებდნენ ჩვენს საქმიანობაზე", - ამბობს ეკა გიგაური.