პირველი საშემოდგომო სესია პარლამენტში - "ყველამ უნდა დაინახოს, რომ რუსულ დავალებებს "ოცნება" მარტო იღებს"
პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი დღეს პარლამენტი იქნება - საკანონმდებლო ორგანოში პირველი საშემოდგომო სესია იხსნება.
"ქართულ ოცნებას" ამნისტიის კანონი აქვს მისაღებად ემზადება, ამიტომ პარლამენტში დილიდან სრული მობილიზებაა. სესია ზუსტად 12 საათზე პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, მაგრამ ნახევრად ცარიელ დარბაზში, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია. სესიაზე მხოლოდ პარტია "გირჩი" და გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი იქნება.
ოპოზიციის ნარატივი ჩვენ არ გვაინტერესებს, იმიტომ, რომ ის დიდი ხანია, რომ უცხოური ძალის რელსებზე დგას და ჩვენ ვდგავართ ქართული საზოგადოების რელსებზე. ის, რომ მაგალითად გუშინ, იურიდიული საკითხების კომიტეტზე ოპოზიციის მხოლოდ ერთი ნაწილი ესწრებოდა, ჩართული იქვნენ ამაში, მხარიც დაუჭირეს, ეს წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო კარგად დაანახებს საზოგადოებას, მათ შორის პატიმრებსაც, თუ როგორ აინტერესებს ზოგადად ოპოზიციას საქართველოს და მათ შორის პატიმრების ბედი", - ამბობს "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ რუსულ დავალებებს "ოცნება" მარტო იღებს.
მარტო უნდა იყოს რუსული რეჟიმი პარლამენტში, რომ ყველამ დაინახოს, რომ რუსულ დავალებას ისინი მარტო ასრულებენ. რაც შეეხება ამნისტიას, ამნისტია არის შერჩევითი, რაღაც ტარგეტირებულად აპირებენ, რომ გამოუშვან ის ხალხი ციხიდან, ვისაც იმედი აქვთ, რომ მათ სასარგებლოდ რაიმე ხმების მოტანა შეუძლიათ", - განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში მას შემდეგ გადავიდა, რაც "ოცნებამ" საზოგადოების აზრი არ გაითვალისწინა და რუსული კანონი მაინც მიიღო.
რას გულისხმობს "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები:
- "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ამნისტია ცივი იარაღის ტარებისათვის მსჯავრდებულ პირებზეც გავრცელდება, გარკვეული დათქმით.
- სასჯელისგან და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ჩაიდინეს 238/1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, მაგრამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისთვის არიან მსჯავრდებულები.
- ამასთან, ამნისტია შეეხება გულგრილობასთან დაკავშირებულ მუხლს ( 220/1) - ამ მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებული პირები სრულად გათავისუფლდებიან, რაც შეეხება ამავე მუხლის მეორე ნაწილს, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მეორე მოსმენის შემდეგ იქნება მიღებული.
- ცვლილებების თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის მსჯავრდებული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულების თანხმობა იქნება.
- ასევე, დაზარალებულების თანხმობით, გათავისუფლდებიან დოკუმენტის გაყალბებისთვის მსჯავრდებული და ბრალდებული პირები.
- დაზარებული თანხმობით სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) პირველი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები (ავარია რომელსაც მოჰყვა ერთი პირის სასიკვდილო შედეგი).
- ცვლელება შეეხება ნარკოდანაშაულისთვის (დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებსაც - თუ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელი ვადა აღარ განახევრდება, არამედ შემცირდება 1/6-ით.