უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული - არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

03.09.24 14:05
უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული - არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული - ასე აფასებს "ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც მმართველ გუნდს კოშმარი უწოდა.

თალაკვაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" მიღწევებს ვერ შეცვლის და ვერც  ისტორიას გადაწერს. 

"ოცნების" წევრი ირწმუნება, რომ საქართველოს პრეზიდენტს საზოგადოებაში ნდობა არ აქვს და სალომე ზურაბიშვილ სურჩევს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს განცხადებების გაკეთებას.

როდესაც საარჩევნო კამპანიას ატარებდა და “ქართული ოცნება” ამ კამპანიაში მხარს უჭერდა, მაშინ „ოცნება” იყო ოცნება. ახლა, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა აღარ სჭირდება, თურმე კოშმარო გახდა. რა თქმა უნდა, ეს არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო განცხადებაა. სინამდვილეში, სწორედ „ქართულმა ოცნებამ” შეძლო ამ ქვეყანაში საზოგადოების მხარდაჭერით მშვიდობის დაცვა, უსაფრთხოების განმტკიცება, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის პროცესში არსებითი წინსვლის მიღწევა. ამ ყველაფრის შეცვლა, გადაწერა და გადაკეთება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე ამას რა შეფასებას მისცემს ეს ისტორიას სულაც ვერ შეცვლის. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ „ქართულმა ოცნებამ” მიუხედავად ძალიან მძიმე ზეწოლის, საფრთხეების, გარე თუ შიდა მტრების მოქმედებისა 12 წლის განმავლობაში შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევა. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ამათ სხვადასხვა პოლიტიკური კალენდრის მიხედვით, ხან ვის რა და როგორ აწყობს, ისეთ განცხადებებს აკეთებენ. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ამიტომ არ ენდობა ასეთ ძალებს და ლიდერებს, რომლებიც რამდენიმე თვეში ერთხელ ცვლიან თავის პოზიციას. პოლიტიკაში ნდობა ერთ-ერთი უმთავრესია, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ განცხადებების გაკეთებას”, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ოცნებად ყოფნა შეწყვიტა, ის კოშმარად იქცა”.