„სად არის სკოლებში უფასო კვების პროექტი?!“ - დეპუტატი „ოცნებას” "შუშის კოლბებიდან" გამოსვლას ურჩევს
"შუშის კოლბა გახდა თქვენი დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო", - ამ სიტყვებით მიმართა გახარიას გუნდის წევრმა ანა ბუჩუკურმა საშემოდგომო სესიაზე უმრავლესობას. ოპოზიციის წევრმა მმართველი პარტია სიყალბეში დაადანაშაულა და ურჩია, გამოვიდნენ "შუშის კოლბებიდან" და ნახონ, რა მძიმე ვითარებაა დღეს თითოეულ ოჯახში.
დეპუტატმა მმართველ პარტიას 2021 წელს გაკეთებულ განცხადება შეახსენა რომელიც საჯარო სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფას ეხებოდა.
2024 წელია, ათ დღეში სწავლა იწყება. სად არის პროექტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლებში ბავშვთა კვებით უზრუნველყოფა. ჯანდაცვის სოციალური მომსახურების მონაცემებით საქართველოში 175 600-მდე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს,“ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ეს არის ქვეყანა, სადაც ბავშვები შიმშილობენ.
რომელ კეთილდღეობაზე ელაპარაკებით ადამიანებს, დღეს შუშის კოლბა გახდა თქვენი დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო. გამოდით შუშის კოლბებიდან, შედით რეგიონებში ოჯახებში. ოჯახი აღარ დარჩა, სადაც მშობელი იძულებული არ არის, საკუთარი შვილი დატოვოს, ევროპაში ან აშშ-ში წავიდეს იმისთვის, რომ თავის შვილს ჰქონდეს ელემენტარულად საჭმლის საშუალება. ამ ხალხს თქვენ ელაპარაკებით „გლობალური ომის პარტიაზე“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე? რისი დამსრულებლები ხართ, ხალხო, ნახეთ თქვენთან ნახევარზე მეტი ან „ნაცების“ მსახური იყო ან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამფინანსებელი იყო. დიახ, ეს არის სრული სიყალბე. თქვენ დღეს სიყალბეზე დგახართ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
ბუჩუკურის გამოსვლას პარლამენტის თავმდჯომარის გაღიზიანება მოჰყვა.
ეჭვი მაქვს, რომ სიტყვა სიყალბე არის თქვენი პიარტექნოლოგის რჩევა. შესაძლოა, იგივე ამერიკელი ტექნოლოგი გყავთ, ვინც სხვას. სიყალბე იცით, რა იყო ქალბატონო ანა? თქვენი პარტიის თავმჯდომარე უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც თქვენ ესწრებოდით ყველას რომ გვარწმუნებდა, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოგვეხსნა, რომ მოვუხსენით და იქ მიგვატოვა. ეს იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარის სიყალბე. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა, 2 სიტყვა თქვენმა პარტიამ არ გამოიყენოს - ეს არის სიყალბე და ღალატი. ეს არის ის ორ სიტყვა, რომელიც თქვენს პარტიასთან ასოცირდება. ამიტომ, შეეშვით ამ ტერმინოლოგიას იმიტომ, რომ ბუმერანგივით ყოველ ჯერზე უკან მოგიბრუნდებათ“, - მიმართა პაპუაშვილმა ბუჩუკურს.