ოცნება: რეპრესიები არ იქნება
"ოცნება" ირწმუნება, რომ რუსული კანონის ამოქმედებით რეპრესიები არ იწყება.
არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, ორგანიზაციები ძველებურად გააგრძელებენ საქმიანობას და მათზე არავითარი უკანონო ზეწოლა არ განხორციელდება.
ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, ვინც რაიმე რეპრესიებს ჩაატარებს - ირწმუნება თალაკვაძე.
ეს არის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული, მოდელირებული პროგნოზები და მოდელირებული სცენარი. არავითარი რეპრესიები არ იქნება და არავითარი უკანონო ზეწოლა არავისზე არ იქნება. მარტივია, შეასრულონ კანონის მოთხოვნები და განაგრძონ საქმიანობა. გრძელდება ისევ იგივე დემაგოგია, ისევ იგივე დეზინფორმაცია, რომ თითქოს მათ გაუქმებას ვინმე აპირებს. აგერ 500-ზე მეტმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია და რა რეპრესიები მოხდება მათ მიმართ? ჯერ ერთი არავითარი რეპრესიები არ არის ამ კანონში და რა თქმა უნდა, არც ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, ვინც რაიმე რეპრესიებს ჩაატარებს. არის კანონი და უბრალოდ კანონის მოთხოვნები აღსრულდება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
- 3 სექტემბრიდან, იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს ორგანიზაციები რუსული კანონით გათვალისწინებულ რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს, დააჯარიმოს ან დაიწყოს ე.წ. მონიტორინგი.
- მას შემდეგ რაც რუსულ კანონს ხელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ მოაწერა, საშიში კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევიდა.
- კანონი, გამოქვეყნებიდან 2 თვეში, 3 აგვისტოს შევიდა ძალაში. ორგანიზაციებს 1 თვე ჰქონდათ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში” ნებაყოფლობით რეგისტრაციისთვის.
- გუშინ, 2 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ რეესტრში 469 ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რაც სრული რაოდენობის 2%-იც კი არ არის.
- რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში არაჩივრებენ - კოლეგიას ჯერ არ გადაუწყვეტია, შეაჩერებს თუ არა დროებით რუსული კანონის მოქმედებას.