"ხაზარაძე ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტია" - პრემიერი მარგველაშვილის "ლელოსთან" შესაძლო შეერთებაზე
ხაზარაძე არის ნულოვანი რეპუტაციების მქონე პოლიტიკოსების მაგნიტი, - ასე აფასებს პრემიერი გიორგი მარგველაშვილის "ძლიერ საქართველოსთან" შესაძლო გაერთიანებას. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ამგვარ გაერთიანებას არავითარი რესურსი არ აქვს, რადგან "ლელო" საარჩევნო ბარიერს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადალახავს.
ხაზარაძე არის ნულოვანი რეპუტაციების მქონე პოლიტიკოსების მაგნიტი. არავითარი რესურსი ასეთ მცირე შეერთებებს არ აქვს. მე მგონია, რომ „ლელო“ არის აბსოლუტურად განწირული იმისთვის, რომ ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც სხვა ლიდერებთან ერთად, გიორგი მარგველაშვილიცაა აღბეჭდილი. საკითხზე, უერთდება თუ არა მეოთხე პრეზიდენტი "ძლიერ საქართველოს", ჯერ-ჯერობით თავად მარგველაშვილი განმარტებას არ აკეთებს. "ძლიერ საქართველოში" კი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მარგველაშვილის ნებისმიერი ერთობისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო შენაძენი იქნებოდა.