"ოცნების" დაანონსებული არეულობა - მდინარაძე ისევ გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს

04.09.24 15:51
"ოცნების" დაანონსებული არეულობა - მდინარაძე ისევ გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს

ირაკლი კობახიძის "შეთქმულების თეორია" დღეს მამუკა მდინარაძემ გააგრძელა. უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ გივი თარგამაძეს 2016 წელს იმიტომ აფეთქებდნენ, რომ საარჩევნო გარემო დაეზიანებინათ და ხალხის აღშფოთება გამოეწვიათ.

მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოში საარჩევნო გარემოს დაზიანებით შეიძლება დაინტერესებული იყოს, "როგორც ოკუპანტი ქვეყნის სპეცსსამხური, ისე გლობალური ომის პარტიის რომელიმე აგენტი".

ჩვენ რაც უტყუარად შეგვიძლია ვთქვათ, ამ თავდასხმასთან დაკავშირებით, გივი თარგამაძის ფაქტზე გესაუბრებით, არის ის, რომ ეს მიმართული იყო, ყველა ვარიანტში ერთი ადამიანის ლოკალურად, მაგრამ საარჩევნოდ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რუსეთის პრესსამსახურმა დაგეგმა ეს თუ სხვამ დაგეგმა, ვისაც არ უნდა დაეგეგმა, ფაქტია, რომ აფეთქებდნენ ოპოზიციონერ ლიდერს, იმიტომ, რომ საარჩევნო გარემო დაეზიანებინათ, ხალხის აღშფოთება გამოეწვიათ და მიმართული იყო ხელისუფლების წინააღმდეგ. ვინ აკეთებდა, რა მნიშვნელობა აქვს. კი, ამ შემთხვევაში, რუსული პრესსამსახურის კვალი თუ იყო, დიახ... ყველა ვარიანტში, ამით ცდილობ, ლოკალურად ამ ადამიანის და ზოგადად, ხელისუფლების დაზიანებას, ამაში ორი აზრი არ არის. ეს რუსეთისგან იქნება თუ სხვა სპეცსასამხურებისგან, ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ვინ არის საქართველოში დაინტერესებული ამგვარით, ძალიან ბევრი, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ოკუპანტი ქვეყნის სპეცსსამხური, ეს შეიძლება იყოს გლობალური ომის პარტიის რომელიმე აგენტი და ა.შ.", - განაცხადა მდინარაძემ. 

საქართველოს პრემიერი სკანდალურ თეორიას ავითარებს - დღეს ირაკლი კობახიძემ იერიში ოპოზიციაზე მოიტანა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა გამორიცხული არ არის.

მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ ამ სცენარის ავტორი რადიკალური ოპოზიციაა, მიზანი კი სიტუაციის არევაა.

კობახიძემ დღეს ასევე 2016 წელიც ახსენა, როცა მაშინდელი ოპოზიციონერი ლიდერი მანქანაში ააფეთქეს.

ცნობისთვის: 

  • 2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა. 
  • მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს წევრის გივი თარგამაძის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების თანახმად, მისი აფეთქება ერთობლივად დაგეგმეს ქართულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა. თარგამაძის თქმით, ამ ტერორისტული აქტის შემსრულებელი სამკაციანი ჯგუფი, წარსულში მკვლელობებში, ტერორისტული აქტების განხორციელებაში, ადამიანების გატაცებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებში მონაწილეობდა.