"მკვდარი მკვდარს აეკიდაო" - ზარქუა "ძლიერ საქართველოსთან" მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებაზე

04.09.24 15:19
"მკვდარი მკვდარს აეკიდაო" - ზარქუა "ძლიერ საქართველოსთან" მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებაზე

"მკვდარი მკვდარს აეკიდაო", - ასე აფასებს სახელისუფლებო გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა "ძლიერ საქართველოსთან" გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებას. "ოცნების" დეპუტატი მარგველაშვილს "უავტორიტეტო" პრეზიდენტად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის ხალხს ძალით აარჩევინეს, თუმცა რატომ, ამ კითხვაზე პასუხს ვერ აკონკრეტებს.  

თვითონ ხაზარაძის პარტიას 4% აქვს თუ 3 % ,მას არ აქვს შანსი და პირიქით, მკვდარი მკვდარს აეკიდაო. რა შანსი უნდა ჰქონდეს უავტორიტეტო პრეზიდენტები გვყავდა. ხალხს ძალით ავარჩევინეთ. რატომ? იმიტომ, რომ იმ მოცემულობაში ასე სჭირდებოდა სიტუაციას და ეს ახლა, ამას მეზობლები არ აძლევენ ხმას, რა ბენეფიტი უნდა მოიტანოს? არაფერი. აგროვებენ ამ, როგორც ბაქრაძემ თქვა, ნახმარ სახეებს, ცნობად სახეებს, ჩვენებურად რომ ვთქვათ, და იქნებ მერე მიტინგებზე გამოიყვანონ, - ამბობს ზარქუა.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც სხვა ლიდერებთან ერთად, გიორგი მარგველაშვილიცაა აღბეჭდილი. საკითხზე, უერთდება თუ არა მეოთხე პრეზიდენტი "ძლიერ საქართველოს", ჯერ-ჯერობით თავად მარგველაშვილი განმარტებას არ აკეთებს. "ძლიერ საქართველოში" კი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მარგველაშვილის ნებისმიერი ერთობისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო შენაძენი იქნებოდა.