"ლელო" დადის და ცდილობს, გარშემო ჩამოწერილი ლიდერები შემოიკრიბოს - ღუდუშაური
თბილ ზედას მოუქსოვს „ლელოს“ ლიდერებს, - "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური "ძლიერი საქართველოს" და გიორგი მარგველაშვილის შესაძლო ალიანსს ირონიით ეხმიანება. მმართველი პარტიის წევრის თქმით, "ლელო" ცდილოს, გარშემო ჩამოწერილი ლიდერები შემოიკრიბოს, რაც მისთვის წარმატების მომტანი ვერ იქნება.
რას მოუტანს და ძალიან მარტივია პასუხი: თბილ ზედას მოუქსოვს „ლელოს“ ლიდერებს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, სხვებს. ბუნებრივია, რაიმე სახის დივიდენდის მოტანაზე ზედმეტია საუბარი. „ლელო“ ასე დადის ამ ჩამოწერილ ლიდერებს, ყოფილ პოლიტიკურ ფიგურებს ცდილობს, რომ შემოიკრიბოს, რითაც იაფი დაუჯდება, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც სხვა ლიდერებთან ერთად, გიორგი მარგველაშვილიცაა აღბეჭდილი. საკითხზე, უერთდება თუ არა მეოთხე პრეზიდენტი "ძლიერ საქართველოს", ჯერ-ჯერობით თავად მარგველაშვილი განმარტებას არ აკეთებს. "ძლიერ საქართველოში" კი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მარგველაშვილის ნებისმიერი ერთობისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო შენაძენი იქნებოდა.