მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვისაც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა უნდა - სამადაშვილი

04.09.24 15:43
მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვისაც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა უნდა - სამადაშვილი

მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვისაც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა უნდა, - ასე ეხმიანება "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი კოალიციაში გიორგი მარგველაშვილის შესაძლო შემოერთებას. 

ოპოზიციის წევრის თქმით, მეოტხე პრეზიდენტს სახელმწიფოებრივ საკითხებზე ძალიან სწორი პოზიცია აქვს, ამიტომ მასთან თანამშრომლობა მისასალმებელია.

ჩვენ გვყავს ბევრი პოტენციური პარტნიორი, ბევრი ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ჩვენთან თანამშრომლობა რუსული რეჟიმის დასრულების მიზნით და  ცხადია, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა ძალიან სწორი პოზიცია ამ ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე და ჩვენ მზად ვართ, რომ ვესაუბროთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მზად არის, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარი წვლილი შეიტანოს, - ამბობს სამადაშვილი.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც სხვა ლიდერებთან ერთად, გიორგი მარგველაშვილიცაა აღბეჭდილი. საკითხზე, უერთდება თუ არა მეოთხე პრეზიდენტი "ძლიერ საქართველოს", ჯერ-ჯერობით თავად მარგველაშვილი განმარტებას არ აკეთებს. "ძლიერ საქართველოში" კი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მარგველაშვილის ნებისმიერი ერთობისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო შენაძენი იქნებოდა.