აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა კარგად იცის, რომ „ოცნება“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მიზნად არ ისახავს - აქუბარდია შამბას განცხადებაზე

04.09.24 18:05
აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა კარგად იცის, რომ „ოცნება“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მიზნად  არ ისახავს - აქუბარდია შამბას განცხადებაზე

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა კარგად იცის, რომ „ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია საუბრობს. მისი თქმით, სწორედ ამას ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც, რომელმაც მოახლოებულ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა შესანიშნავად იცის, რომ ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოს მშვიდობიანი ტერიტორიული მთლიანობის სწორედ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადის და ვითარებაში, როდესაც ის „ქართულ ოცნებას“ აქებს და ემხრობა რუსეთის როლის გაძლიერებას მთლიანად საქართველოზე, რა თქმა უნდა, ამას აკეთებს იმიტომ, რომ იცის, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ისახავს მიზნად. შამბას განცხადება, ვფიქრობ, არის კიდევ ერთი ღია გზავნილი იმისა, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“, რომელიც ამ ქვეყანაში ნამდვილ მშვიდობას და ტერიტორიულ მთლიანობას ებრძვის იმ მოქმედებებით, რომ საქართველოს აშორებს დასავლეთს და აძლიერებს რუსულ გავლენას, - ამბობს თეონა აქუბარდია.