არჩევნებამდე ორი თვით ადრე ბაიდენის ადმინისტრაცია "ოცნებას" ახალ სანქციებს უანონსებს
ბაიდენის ადმინისტრაციას გლობალური ომის პარტია მართავს - კონსპირაციებით შეპყრობილი პრემიერი შეერთებული შტატების პრეზიდენტის დისკრედიტაციასაც არ ერიდება. ირაკლი კობახიძემ ბრალდებები თეთრ სახლს მას შემდეგ წაუყენა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების ახალი პაკეტი დაანონსა. უარგუმენტოდ დარჩენილი საქართველოს ხელისუფლება კი საზოგადოებას ისევ ომით აშინებს. რაც შეეხება ამერიკიდან გაყინულ 95 მილიონს, კობახიძე ირწმუნება, რომ ამ თანხის მიზნობრიობას ვერ მიაკვლიეს.
პრემიერმა დღეს პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მძიმე სანქციების მოლოდინში არიან. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი პირდაპირ თქვა, რომ “ოცნების“ ათობით დასანქცირებული მაღალაჩინოსნის შემდეგ შტატები ახალ პაკეტზე მუშაობს. ეს დასასრული არ არის - მეთიუ მილერის გზავნილი ხელისუფლებისთვის მძიმე ვერდიქტი აღმოჩნდა. არ არის გამორიცხული სანქციები “ოცნებას“ გადამწყვეტ არჩევნებამდე წამოეწიოს.