შსს: ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას ადასტურებს - გომალაურის უწყების განცხადებით, პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
უწყების მტკიცებით, დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.
ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად“,- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო გლდანში, ირაკლი ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან - გავრცელდა რამდენიმე წამიანი ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" და ბევრი პოლიციელი.
კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ".
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გასული წლის 22 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა და ამბობდა, რომ ფიზიკურად"ოცნებასთან" დაახლოებული პირები გაუსწორდნენ.