ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს - ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ავტორიტეტული კომპანია Fitch-ის რეიტინგით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნდა და ნეგატიურიდან სტაბილურობამდე გაუმჯობესდა.
რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს, ბოლო 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12.7%, რაც მართლაც დამაიმედებელია. ამას გარდა Fitch-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7.8%, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე.
ჩვენი მიზანია 2025 წლისთვის, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც დარჩენილია 2 საფეხური. Fitch-ის გადაწყვეტილება ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.