საპარლამენტო არჩევნები და რუსული კანონი - რაზე ისაუბრეს იოსელიანმა და აშშ-ს სახ.დეპის სხვადასხვა ბიუროს ხელმძღვანელობამ

05.09.24 10:17
საპარლამენტო არჩევნები და რუსული კანონი - რაზე ისაუბრეს იოსელიანმა და აშშ-ს სახ.დეპის სხვადასხვა ბიუროს ხელმძღვანელობამ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლევან იოსელიანი და მისი პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა ბიუროსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მხარეებს შორის გამართული დისკუსია ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებულ რუსულ კანონს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს შეეხო. 

ამასთან, შეხვედრაზე ამერიკელმა პარტნიორებმა შტატების მიერ საქართველოს უწყვეტ მხარდაჭერას გაუსვეს ხაზი და აღნიშნენს, რომ საქართველოს მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობის შემდგომი გაგრძელება საქართველოს მისცემს საშუალებას, დემოკრატიული განვითარების კურსი შეინარჩუნოს. 

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის აღსრულების საკითხების განხილვისას სახალხო დამცველმა კანონთან დაკავშირებით თავისი პოზიცია წარმოადგინა და შეხვედრების მონაწილეებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გაგზავნილი სასამართლო მეგობრის მოსაზრება (amicus curiae) გააცნო.

ისაუბრეს ასევე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველისა და ცესკოს ერთობლივ განცხადებაზე, სადაც პოლიტიკოსებსა და მედიას დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. სახალხო დამცველმა აღინიშნა, რომ ინსტიტუცია წლებია ყველა გადაცდომის ფაქტს სწავლობს და მომზადებულ დასკვნას ინტენსიურად აწვდის საზოგადოებას", - წერია განცხადებაში.

შეხვედრები გაიმართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეებთან - დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს კურატორთან მონიკა იაკობსენთან, საერთაშორისო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ საქმეთა ბიუროს კურატორთან ბრენდონ იოდერთან და ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს კურატორთან ჯოშუა ჰაკთან. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დარგში ერინ ელიზაბეტ მაკისთან.