პრემიერის გუშინდელი განცხადებების შემდეგ, ოპოზიციაზე თავდასხმა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა - ჯაფარიძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას "ცინიკურ" და "გაუმართლებელ" თავდასხმად აფასებს.
მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი გლდანში მომხდარი შემთხვევის უკან "ქართული ოცნების" მიერ ხელისუფლების დაკარგვის შიშს ხედავს.
სოფო ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცადებებს ძალადობრივად აფასებს და პირდაპირ ამბობს, რომ მოქმედი პრემიერის მიერ, ფაქტობრივად, დაანონსებული რეპრესიების შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა მოულოდნელი არ იყო.
იმის ნაცვლად, რომ "ქართული ოცნება" ებრძოდეს იმ პრობლემებს, რომელთა წინაშე დგას საქართველოს თითოეული მოქალაქე, ებრძოდეს კორუფციას, ფასების ზრდას, სიღატაკეს, ის ებრძვის ოპოზიციას და ბუნებრივია, პირველი სამიზნე სწორედ ჩვენი კოალიცია, ჩვენი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". დღეს ბიძინა ივანიშვილი სრულ აგონიაშია: მათ ხალხში გასასვლელი პირი არა აქვთ, მაგრამ ამავე დროს "ქართულ ოცნებაში" ხედავენ, როგორ გვხვდებიან ადგილობრივები საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა თუ სოფელში და სწორედ ეს არის მათი შიში. ჩვენ გუშინ ვნახეთ, როგორი ყოვლად მიუღებელი, ცინიკური მეთოდით, პოლიციელები სახლთან ჩაუსაფრდნენ ჩვენი პარტიის გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი ეძგვერაძეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაიტაცეს ის. დიახ, ეს იყო გატაცება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, რადგან ირაკლის ადვოკატმა სამი საათის განმავლობში არ იცოდა, რომელ იზოლატორში იყო ირაკლი.
მაგრამ ალბათ, არავის გაგკვირვებია ასეთი მეთოდების გამოყენება რადგან სწორედ ირაკლი კობახიძემ დააანონსა დევნა, ძალადობა და რეპრესიები და მათმა ზონდერ-ჯგუფებმა არ დააყოვნეს და სულ რამდენიმე საათში პრემიერის ანონსი ნიუსად, ფაქტად აქციეს. მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას: ხელისუფლების შენარჩუნებისკენ მიმართული თქვენი ყველა მცდელობა ფუჭია, თქვენი დრო ძალიან მალე, 26 ოქტომბერს ამოიწურება და თქვენი კლანჭებიდან დახსნილ ქვეყანას ისევ წავიყვანთ ევროპულ გზაზე და დიახ, ჩვენი ქვეყანა აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, - განაცხადა ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ, გუშინდელ დაკავებასთან დაკავშირებით.
ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ". შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.