კობახიძის გამოსვლა და დაანონსებული დევნა რამდენიმე საათში აღასრულეს - ნადირაძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე ირაკლი ეძგვერაძეზე განხორციელებულ ანგარიშსწორებას დაშინების მცდელობად აფასებს.
ირაკლი ნადირაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსის დაკავებას მოქმედი პრემიერის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული ძალადობა რამდენიმე საათში სისრულეში მოიყვანეს.
პლატფორმა "ერთიანობის" წევრი საგანგებო ბრიფინგზე მომხდარის დეტალებს იხსენებს და განმარტავს, რომ ირაკლი ეძგვერაძის დაკავების პროცესში სამოქალაქო ფორმებში მყოფი პირები მონაწილეობდნენ.
"48 საათში იქნება სასამართლო, სადაც ან იქნება ფინანსური ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა" - ამბობს ნადირაძე.
იმის ნაცვლად, რომ "ოცნება" ებრძოდეს გაჭირვებას, უმუშევრობას, სიღარიბეს, ის დაკავებულია ოპონენტებთან ბრძოლით. გუშინ დააკავეს ირაკლი ეძგვერაძე. ვნახეთ ივანიშვილის არაერთი გამოსვლა, მათ შორის, გუშინ კობახიძის გამოსვლა, რომ იქნებოდა ოპონენტების მიმართ დევნა და შესაბამისად რამდენიმე საათში აღსრულდა კიდეც მათი ეს დავალება. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დააშინონ განსხვებული აზრის მქონე ადამიანები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მაგრამ ყველა მსგავსი მცდელობა ერთი ათად გვაძლევს მოტივაციას, რომ ვებრძოლოთ ამ ავტოკრატიულ რეჟიმს, რომლის მიზანიც არის, რომ მსგავსი დაშინებებით, მუქარებით, ძალადობით შეინარჩუნონ მიტაცებული ხელისუფლება.
მე დამირეკეს და მითხრეს, რომ ეძგვერაძესთან იყო მობილიზებული ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც არ იყვნენ პოლიციის ფორმაში, იყვნენ სამოქალაქო ფორმებში. მითხრეს, რომ ადგილზე დაპირისპირება ხდებოდა და მე როდესაც მივედი, მანქანაში სვამდნენ, აკავებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვითხოვე, თუ რატომ ხდებოდა მისი დაკავება, ამასთან პასუხები არ მიმიღია. 48 საათში იქნება სასამართლო, სადაც ან იქნება ფინანსური ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა.
ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ". შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.