"ჭყიპინაა", სხვის საქმეში ცხვირი ჩაჰყო"- "ოცნება" ეძგვერაძის წინააღმდეგ

05.09.24 13:43
"ჭყიპინაა", სხვის საქმეში ცხვირი ჩაჰყო"- "ოცნება" ეძგვერაძის წინააღმდეგ

"ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს დეპუტატი, რომელიც სამოქალაქო ფორმაში მყოფმა სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დააკავეს, "ჭყიპინად" გამოაცხადა - ივანიშვილის პარტიაში ამტკიცებენ, რომ ირაკლი ეძგვერაძემ პოლიციას ხელი შეუშალა და გომელაურის უწყების თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა. 

ეხლა თუ ჭყიპინა გამოხტება და სავარაუდო დამნაშავის დაკავებას ხელს შეუშლის და პოლიციას შეურაცხყოფას მიაყენებს, მერე დააკავებენ და თქვენ იძახებთ, რომ ეს არის ტერორიიო, ოპოზიციაზე, ეს სწორია? ხო ამ პროპაგანდის გაგრძელებაა? - ამბობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მდინარაძის ხაზი გააგრძელა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამაც.

ჭყიპინაზე მეუბნებით, ეგ როგორც არის ცნობილი? როგორც ირკვევა, იქ ხელს უშლიდა საპოლიციო საქმიანობას. შესაბამისად, რა მნიშვნელობა აქვს, იქ შენ ვინ ხარ, რა ხარ... საკრებულოს დეპუტატი თუ ხარ და დანაშაულს ჩადიხარ, რა პრობლემაა. შესაბამისად, არის ჯარიმები, ან განრიდება ან შესაბამისი ქმედებებია. არვიცი ახლა ის ნაცემია თუ არ არის ნაცემი, ამაზე კომენტარს შესაბამისად გააკეთებენ", - ამბობს ირაკლი ზარქუა.

გივი მიქანაძის თქმით,"ნაციონალურმა მოძრაობამ ისტერია საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების თვალში დამატებითი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მოაწყო" 

მათ უნდათ, საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენონ, თითქოს ისინი იდევნებიან და მათზე რაღაც ზეწოლა ხდება", - ამბობს მიქანაძე. 

თუ ლევან მაჭავარიანს დავუჯერებთ, ირაკლი ეძვერაძე "ტელევიზორში არ ჩანდა და არ უნდოდა, რომ დღის წესრიგიდან მოხსნილიყო მისი "პოლულარობა". 

ბექა დავითულიანი კი ამტკიცებს, რომ პოლიციას შეიძლება სულაც არ სცოდნოდა ვინ იყო ირაკლი ეძგვერაძე და ოპოზიციონერი მხოლოდ იმისთვის დააკავეს, რომ "მან სხვის საქმეში ცხვირი ჩაყო"

რა იცით, ეძგვერაძეს ყელში წვდა ვინმე, თუ უბრალოდ საჭირო იყო მისი განეიტრალება სპეცოპერაციის დროს და გარიდებვა", - ამბობს დავითულიანი. 

ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ". შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.