ელისაშვილი: კობახიძემ, ყველა ოპოზიციონერს ვცემთო, დამთავრებული არ ჰქონდა და საკრებულოს 2 წევრის მოტაცებას ვუყურეთ

05.09.24 15:11
ელისაშვილი: კობახიძემ, ყველა ოპოზიციონერს ვცემთო, დამთავრებული არ ჰქონდა და საკრებულოს 2 წევრის მოტაცებას ვუყურეთ

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გეგმა სისრულეში კობახიძის განცხადებიდან რამდენიმე საათში მოიყვანა.

ელისაშვილი საქართველოში ყველაზე მძიმე საარჩევნო პერიოდს პროგნოზირებს და დამარცვლით ეუბნება "ოცნებას", რომ მათი არავის ეშინია.

ერთადერთი დაპირება, რასაც ამ 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ასრულებს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დაპირებებია. ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ ყველას დაგვიჭერს და კობახიძემ გუშინ გამოაცხადა, რომ ყველა ოპოზიციონერ ლიდერს ვცემთო, მაგრამ ჩვენი ბრალი არ იქნებაო. დამთავრებული არ ჰქონდა, როცა რამდენიმე საათში საკრებულოს 2 წევრის დაპატიმრებასა და მოტაცებას ვუყურეთ. რასაც დაგვპირდნენ იმის შესრულება დაიწყეს. არავის ამის არ ეშინია და ფაქტია ეს იქნება ყველაზე მძიმე საარჩევნო პერიოდი და ეს იდეების ჭიდილი და პროგრამებით პაექრობა არ იქნება“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ". შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.