"ივანიშვილის ტრიუკი" და ხმების შესაძლო გაყოფა საკონსტიტუციო სასამართლოში - რა სცენარზე საუბრობენ ყოფილი მოსამართლეები
საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში "ტრიუკებს" ატარებს.
თავაძე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეთა პლენუმმა სასამართლოს დამოუკიდებლობის დემონსტრაციიისთვის მოსამართლეთა ხმები გაყოს, ამ შემთხვევაში კი, ყოფილი მოსამართლის თქმით, სადაოდ გამხდარ ნორმასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღება.
თუ ხმები გაიყოფა, სარჩელი წარმოებაში არ იქნება მიღებული - ამბობს ზაზა თავაძე.
ბატონი ივანიშვილი ტრიუკებში შემჩნეულია და უყვარს ეს ტრიუკები და ეს ტრიუკი ჩაატარა ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში თითქოს მოჩვენებითად, რომ, აი ხმები გაიყო შუაზე, ვინაიდან იმ 6-დან 2 რომ გამოეყოს და გადავიდეს დამოუკიდებელი მოსამართლეების მხარეს, მოგეხსენებათ უკვე ვიღებთ 4/4-ზე ხმებს. ამ შემთხვევაში უკვე ერთვება ნორმის კონსტიტუციორობის პრეზუმცია კონსტიტუციურ სამართალში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმების გაყოფის შემთხვევაში, სადაოდ გამხდარ ნორმასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღება. მოკლედ, ნორმა რჩება. თუ ხმები გაიყოფა, სარჩელი წარმოებაში არ იქნება მიღებული. ეს ჩვენ წინასწარ უნდა ვუთხრათ "ოცნებას", რომ ეს ტრიუკი არც მათ დამკვეთს და არც თვითონ ამ სასამართლოს არ გაუვა", - განაცხადა ყოფილმა მოსამართლემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი კი სასამართლოს მხრიდან დარღვევებზე საუბრობს.
კოპალეიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციოს ფაქტობრივად უკვე ყველა გონივრული ვადა ამოეწურა, რომ გადაწყვეტილება აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ გამოაცხადოს.
ეს ყოველგვარ გონივრულ ვადებს არღვევს, რასაც ჩვენ ვუყურებთ, რამეთუ 11 აგვისტოს დაასრულეს გამწესრიგებელი სხდომა, მათ შორის შუამდგომლობის განხილვის საკითხი, აქტის მოქმედების შეჩერებაზე. უკვე დღეს არის 5 რიცხვი და საკონსტიტუციო სასამართლოს ფაქტობრივად ყველა გონივრული ვადა ამოეწურა, საიმოსოდ, რომ გადაწყვეტილება აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განსაკუთრებულად გამოაცხადოს", - ამბობს მაია კოპალეიშვილი.
"ოცნება" კი პირდაპირ აანონსებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის შესახებ სარჩელს არ დააკმაყოფილებს.
ყველამ კარგად დავინახეთ სასამართლო პროცესზე, თუ რა უსუსურ მდგომარეობაში იყო მოსარჩელე მხარე. პრაქტიკულად, მათ არცერთი ხელშესახები ან წონადი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ თავისი სარჩელის მხარდასაჭერად. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს ის, რომ უსაფუძვლო და უარგუმენტო სარჩელი არ და ვერ უნდა დაკმაყოფილდეს", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის ფონზე მიიღო.
პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს.
სამდღიანი პროცესების შემდეგ სასამართლოს ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია.