"ოცნების" შეუსრულებელი დაპირებები - რას ამბობენ მმართველ გუნდში
"მზად ვართ, ერთი სია გავუგზავნოთ, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში "ოცნების" პირობებში" - ასე პასუხობს ივანიშვილის გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც ალეკო ელისაშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებზე ისაუბრა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს, რომ ვითომ, ივანიშვილის გუნდს 12 წლის განმავლობაში ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი არ გაუკეთებია.
ბატონი ელისაშვილი ცდილობს საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი სკოლები, პარკები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ყველაფერი მისი ინიციატივაა და თავად აკეთებს ამ ყველაფერს და ხელისუფლება მას უბრალოდ უყურებს. ერთი სია ეკუთვნის ბატონ ალეკოს, რომ გავუგზავნოთ, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში", - ამბობს თალაკვაძე.
"ქართული ოცნების" წევრს, ლევან მგალობლიშვილის კი ისრები ხელისუფლების ოპონენტებისკენ გადააქვს. მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ არა "ოპოზიცია თავისი მავნებლური ქმედებებით, ის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც ახლა არსებობს ქვეყანაში, გაცილებით მაღალი იქნებოდა".
ყველაფერი ძალიან მარტივად იკითხება ეკონომიკურ ციფრებში. ქარხნებიც აშენებულია, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტია გაკეთებული, ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი წნეხისგან. ჩვენ რომ ოპოზიცია თავისი მავნებლობით ხელს არ გვიშლიდეს, ის ეკონომიკური ზრდის ტემპტი, რაც ახლა გვაქვს, კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა", - ამბობს ლევან მგალობლიშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 5 სექტემბერს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც "ქართული ოცნების" მიერ შეუსრულებელ დაპირებებთან დაკავშირებით ისაუბრა.