ირაკლი ეძგვერაძეს ხვალ გამოკითხავენ
“ხვალ, 6 სექტემბერს 10:30 სთ - ზე, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში, საკრებულოს დაკავებულ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გამოკითხავენ“,- ამის შესახებ „ტვ პირველს“ “ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.
მათივე ცნობით, გამოკითხვას დაესწრება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
6 სექტემბერს 10:30 სთზე, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი გამოკითხვაზე შევა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ეძგვერაძესთან. გამოკითხვას დაესწრება ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ".
შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.