"მათ სურთ დიქტატურა და არა დემოკრატია" - ჯინ შაჰინი "ოცნებაზე"
"მათ ("ქართულ ოცნებას") უნდათ დიქტატურა და არა დემოკრატია", - ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი National journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში საუბარი შეეხება რუსულ კანონს, საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ურთიერთობას, აშშ-ის მიერ მთავრობისთვის შეჩერებულ 95-მილიონიან დახმარებას, "ოცნების" დაანონსებულ რეპრესიებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისკენ და გადამწყვეტ 26 ოქტომბრის არჩევნებს.
სენატორი შაჰინი ასევე საუბრობს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ამბობს, რომ ეს ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს, ევროატლანტიკურ მომავალს, არ შეესაბამება.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის გაუქმებაზე საუბრობს. ისინი ძირითადად საუბრობენ ავტოკრატიად გადაქცევაზე. მათ უნდათ, რომ დაამყარონ დიქტატურა და არა დემოკრატია.
ეს არ შეესაბამება იმას, რაც ქვეყანაში ხალხს სურს. ვფიქრობ, ძალიან რთულია იმის დანახვა, თუ როგორ გაგრძელებს [საქართველო] დემოკრატიას, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი.
რაც გავიგეთ იყო: „არა, არა, ჩვენ ვაპირებთ დამკვირვებლების მოწვევას, ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩევნები წინ წავიდეს. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ის თავისუფალი და სამართლიანი იყოს ”
მაგრამ ყველა განცხადება, რომელიც, როგორც ჩანს, ხელისუფლებისგან მოდის, ამას არ შეესაბამება.
ახლა მიმდინარეობს შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი პოლიტიკის შესახებ. ვაპირებთ თუ არა გაჩერებული დაფინანსების აღდგენას, დამოკიდებულია ამ შეფასებაზე.
როგორც თავდაცვის მინისტრს ასევე პრემიერს ვუთხარით, რომ ჩვენთვის ძნელია გავამართლოთ ჯარების შემოყვანა და სამხედრო წვრთნები მთავრობასთან, რომელიც აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მთავრობის დამხობას ცდილობს", - აცხადებს შაჰინი.