საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით EU-ში გაწევრიანების გზა არ არსებობს - ბუნდესტაგის წევრი

06.09.24 15:12
საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით EU-ში გაწევრიანების გზა არ არსებობს - ბუნდესტაგის წევრი

“ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით  და მისი ევროპული მომავლის ბედით, ველოდებით, რომ ოქტომბრის ბოლოს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი“, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ნილს შმიდმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანელმა დეპუტატმა არჩევნების მნიშველობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის არჩევნები დემოკრატიის მომავლისა და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელი გზით წავიდეს.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ “ოცნების“  ამჟამინდელი პოლიტიკური კურსით ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს.

მეორე გზავნილი ეხება ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკას - საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს. ამის შესახებ ცხადად განაცხადა ევროკავშირმაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით და შემიძლია გითხრათ, რომ ოთხი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, შეადგენს ბუნდესტაგის უმრავლესობას და ამჟამინდელი პოლიტიკით საქართველო გერმანიის ბუნდესტაგიდან ვერ მიიღებს მოლაპარაკებების გახსნის პროცესის დაწყებაზე თანხმობას“, - აღნიშნა ნილს შმიდმა.

გერმანელმა დეპუტატმა იმ 9 ნაბიჯზეც ისაუბრა, რომელიც უნდა შესრულდეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად გასახსნელად და აღნიშნა, რომ ამას მე-10 ნაბიჯიც დაემატა.

ყველამ ვიცით, რომ არსებობს 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა შესრულდეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად გასახსნელად. მინდა, გითხრათ, რომ ახლა არის მე-10 ნაბიჯიც, რომელიც გულისხმობს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაწვევას, რადგან ის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის”, - განაცხადა შმიდმა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გერმანიის საელჩომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დებორა დიურინგმა (კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტმა (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტემ (თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდმა (სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD).