რუსული კანონით საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირის წევრი გახდეს - დებორა დიურინგი

06.09.24 15:21
რუსული კანონით საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირის წევრი გახდეს - დებორა დიურინგი

გერმანიის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას იქამდე, სანამ ეს რუსული კანონი არ გაუქმდება, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა დებორა დიურინგიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბუნდესტაგის წევრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო, “თუმცა, სამწუხაროდ, უკან ჩამორჩა.“

საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ,ახლა ის უკან ჩამორჩა. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ რუსული კანონით, საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირის წევრი გახდეს.  გერმანიის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას იქამდე, სანამ ეს კანონი, ისევე როგორც კანონები, რომლებიც ეხება ინდივიდუალურ თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს, არ გაუქმდება”, - განაცხადა დეპუტატმა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გერმანიის საელჩომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.