"ეძგვერაძის დაკავებაზე ვსვამდი კითხვებს, რამაც პოლიციელები გააღიზიანა და მეც წამიყვანეს" - ნადირაძის სასამართლო დღეს გაიმართება
ირაკლი ნადირაძე სასამართლოში დაიბარეს - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის პროცესი, საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლოში უკვე მივიდა.
ირაკლი ნადირაძე, რომელიც ირაკლი ეძგვერაძესთან ერთად გლდანში დააკავეს, "პირველებთან" მისი დაკავების მომენტს დეტალურად იხსენებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, პოლიციას ირაკლი ეძგვერაძისთვის ხელბორკილების დადებასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა.
ირაკლი ნადირაძის თქმით, სწორედ დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია სამართალდამცველების გაღიზიანება, რის გამოც პოლიციამ ენმ-ის მეორე წევრიც დააკავა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ 4 სექტემბერს, გლდანში განვითარებული მოვლენები ერთადერთ მიზანს, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაშინებას ემსახურება.
როდესაც მივედი უკვე აკავებდნენ, მანქანაში ტენიდნენ. იყო მთელი რიგი შეურაცხყოფა, მათ შორის, იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ამ ყველაფრის გადაღებას ცდილობდნენ. როდესაც ვეკითხებოდი, რატომ ხდებოდა ამ ადამიანების დაკავება, როგორც ჩანს, არ მოეწონათ ეს კითხვა, ამ კითხვამ გააღიზიანა და რამდენიმე წუთში დამაკავეს და წამიყვანეს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე. დაგვატარებენ სასამართლოებში, ხდება ოპოზიციური პარტიების ლიდერების, წარმომადგენლების დატყვევება, უკანონო პატიმრობა და შესაბამისად, ასე უნდა ჩაატაროს მთელი საარჩევნო კამპანია. ეს ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ დააშინოს ჩვენი მხარდამჭერები", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გუშინწინ, გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ". შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.
- ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა მის მიმართ ძალას გადაამეტეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოპოზიციონერის უფლებადამცველმა იზოლატორიდან გამოიტანა. ადვოკატის თქმით, ენმ-ს საკრებულოს წევრს ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები ახლაც ეტყობა.