ლავროვს შევახსენებ, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას - პრეზიდენტი

06.09.24 20:53
ლავროვს შევახსენებ, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას - პრეზიდენტი

"მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსა და ქართველი ხალხის იდენტობა ძლიერად დგას, რადგან მას "ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება ამაგრებს".

...ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, - არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება. 

ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ძეგლთა დაცვისა და ჩვენი კულტურის დაცვის მიმართულებით, ამდენად, მნიშვნელოვანია ჩვენი არასამთავრობო სექტორის შენარჩუნება, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით მათი გაძლიერება, რაც იყო და რამაც აქამდე მოგვიყვანა და რაც უთუოდ გაგრძელდება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილი და ნებაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. და ამ ყველაფრის სიმბოლო სწორედ არხოტში გუშინწინდელი ღონისძიებაა, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ; ჩვენ გვყავს ის პარტნიორები, რომლებიც უნდა გვყავდეს; ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებს და ვიცით ასევე ჩვენი წარსულის და ჩვენი ძეგლების ფასი; ვიცით სად ვიყავით, სად ვართ და სად მივდივართ“,- ამბობს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის ნინო კორძახია, სალომე ცისკარაული, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსი და კატრინ ლეონარდი და პრჟემისლავ ნოცუნი ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტმა მათ სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.