რა უძღოდა წინ ირაკლი ეძგვერაძის დაპატიმრებას? - ინტერვიუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ეძგვერაძე "ტვ პირველის" ეთერში 4 სექტემბერს, გლდანში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იუწყება, რომ თავდაპირველად, მის საცხოვრებელ სახლთან, უცნობი პირები გადაადგილდებოდნენ და მას კამერით უღებდნენ.
"ვთხოვე, რომ ჩემთვის არ გადაეღოთ, თუმცა შემდეგ მომმართეს, რომ "ბიჭო შენ რა დღეში ხარ, ვინ გეკითხება ვის ვუღებთ და ვის არა"" - ამბობს ეძგვერაძე და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ დაძაბულობის შემდეგ განვითარდა მთავარი მოვლენები.
ირაკლი ეძგვერაძე განმარტავს, რომ სამართალდამცველებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში ხელი არ შეუშლია. ამასთან, ენმ-ის წევრი ხაზს უსვამს, რომ გლდანში მობილიზებულ პირებს პოლიციის ფორმა არ ეცვათ და სამოქალაქო ფორმებში იყვნენ გამოწყობილები.
"ოცნებას" და მათ პოლიციას რაში ვუშლიდი ხელს არ ვიცი. იქ მე ვცოვრობ და უბრალოდ ვიდექი. როცა ადამიანმა მომანათა და დაიწყო გადაღება ჩემი მიმართულებით ვთხოვე, რომ ნუ იღებდა. არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ მიდიოდა, რომ ადამიანი მაშინვე მიმხვდარიყო, თუ ვინ იყო. პოლიციის არაფერი არ ეცვათ, არც ლენტი ჰქონდათ შემოსაზღვრული, ამიტომ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ პოლიციელები იყვნენ. კამერა ჩემკენ მოაბრუნა და ვუთხარი, ნუ მანათებ, ნუ მიღებ მეთქი. შემდეგ მოტრიალდა ეს პოლიციელი და კადრებშიც ჩანს, თუ როგორ მომმართავს, "ბიჭო შენ რა დღეში ხარ, ვინ გეკითხება ვის ვუღებთ და ვის არ ვუღებთ" და ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი", - ამბობს ირაკლი ეძგვერაძე.
შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან 4 სექტემბერს, გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ".
შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს "ოცნების" დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.
- ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა მის მიმართ ძალას გადაამეტეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოპოზიციონერის უფლებადამცველმა იზოლატორიდან გამოიტანა. ადვოკატის თქმით, ენმ-ს საკრებულოს წევრს ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები ახლაც ეტყობა.