საჯარო მოხელეებს აქვთ ერთადერთი მიზანი, შეასრულონ "ოცნების" დავალებები - მჟავანაძე
“მათ აქვთ ერთადერთი დავალება: ეუბნებიან, რომ "ქართული ოცნება" უხდის მათ ხელფასს და ის უნდა გააკეთონ, რასაც "ოცნება" დაავალებს" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ საუბნო კომისის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.
მჟავანაძის თქმით, ეს ადამიანები "ოცნების" აქვიტები არიან.
ქართული ოცნება, როგორც ჩანს, არ ენდობა თავისი ოჯახის წევრებსაც და საუბნო-საარჩევნო კომისიებში ნიშნავს საჯარო მოხელეებს, აპიებში დასაქმებულ პირებს, რომლებსაც აქვთ ერთადერთი დავალება: ეუბნებიან, რომ ქართული ოცნება უხდის მათ ხელფასს და ის უნდა გააკეთონ, რასაც ქართული ოცნება დაავალებს, ესენი არიან "ქართული ოცნების აქტივი", - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ.
დღეს ყველა რეგიონში საოლქო-საარჩევნო კომისიების სხდომაა ჩანიშნული, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს დაამტკიცებენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით ირჩევა და არა მიუკერძოებელი, არამედ ქართული ოცნების ინტერესების გამტარებელი იქნება.