დავით მჟავანაძე: გვეუბნებიან, რომ გუბერნატორის მოადგილის მეუღლე დამოუკიდებელი კანდიდატია, სიაში ასევე არიან სოფლების წარმომადგენელთა თანაშემწეები, აქვე არის 11 სკოლის დირექტორი და მათი ოჯახის წევრები, 45 პედაგოგი, 55 ბაღის თანამშრომელი
"ჩვენ გვეუბნებიან, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია გუბერნატორის მოადგილის მეუღლე, ასევე არიან სიაში სოფლების წარმომადგენელთა თანაშემწეები, აქვე არის 11 სკოლის დირექტორი და მათი ოჯახის წევრები, 45 პედაგოგი, 55 ბაღის თანამშრომელი...", - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ განაცხადა.
ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრები უნდა დაემტკიცებინათ, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით მჟავანაძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.
მისი თქმით, საუბნო კომისიის წევრები პარტიული ნიშნით არიან შერჩეული, რაც კანონდარღვევაა.
"ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ამ პროცესს, ეს არის "ქართული ოცნების" წევრებით სიის დაკომპლექტება. მაგალითად, ჩვენ გვეუბნებიან, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია ფიქრია კილაძე, რომელიც არის გუბერნატორის მოადგილის მეუღლე, ასევე არიან სიაში გურიანთის, ვაკიჯვრის წარმომადგენლის თანაშემწეები, აქვე არის 11 სკოლის დირექტორი და მათი ოჯახის წევრები, 45 პედაგოგი, 55 ბაღის თანამშრომელი: 45 საარჩევნო უბანზე 123 ადამიანი ჰყავთ, რომლებიც დასაქმებული არიან 'ქართული ოცნების პირობებში, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ყველა რეგიონში საოლქო-საარჩევნო კომისიების სხდომაა ჩანიშნული, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს დაამტკიცებენ.