ბიუჯეტით ფინანსდება ის, რაც მმართველ პარტიას წაადგება წინასაარჩევნოდ - ნინო დოლიძე ღარიბაშვილის ინიციატივაზე

09.08.21 16:25
ბიუჯეტით ფინანსდება ის, რაც მმართველ პარტიას წაადგება წინასაარჩევნოდ - ნინო დოლიძე  ღარიბაშვილის ინიციატივაზე

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება მერებისთვის ხელფასების მატების თაობაზე წინასაარჩევნო დაპირების ნაწილი იყო. დოლიძე ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი კონკრეტული ადამიანების მოსყიდვას საბიუჯეტო სახსრებით ცდილობს. 

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ცდილობენ გულის მოსაგებად სხვადასხვა კამპანიების დროს მესიჯების წარმართვას და ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ მმართველი პარტიის მხრიდან დაპირებები, არამხოლოდ დაპირებები ჯარიმების გაუქმება და ა.შ. ეს არის მიმართული იმისთვის, რომ ამომრჩევლის გული მოიგონ. რაც შეეხება კონკრეტულ დაპირებას ესეც არის იმისთვის, რომ ვისაც მიემართება ამ ადამიანების გული იქნას მოგებული და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება ის, რაც პარტიას წაადგება წინასაარჩევნო პერიოდში", - ამბობს ნინო დოლიძე

დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ მერების ხელფასები მხოლოდ 2 ათასი ლარია, რის გამოც 2022 წლის იანვრიდან ანაზღაურების გაორმაგებას გეგმავს.