ლავროვის განცხადება რადიკალური ოპოზიციისთვის მორიგი სამაშველო რგოლის გადაგდებაა - მიქანაძე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების პარალელურად, "ქართულ ოცნებას" ისრები ხელისუფლების ოპონენტებისკენ გადააქვს - ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ სერგეი ლავროვის განცხადება "რადიკალური ოპოზიციისთვის მორიგი სამაშველო რგოლია".
ამასთან, გივი მიქანაძე თავს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტსაც ესხმის და სალომე ზურაბიშვილის "რადიკალების პრეზიდენტს" უწოდებს.
გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ სალომე ზურაბიშვილი "გადმოგდებულ მაშველ რგოლს იმისთვის იყენებს, რომ მმართველი გუნდის დისკრედიტაცია მოახდინოს".
ლავროვის მხრიდან გაკეთებული განცხდება მორიგი სამაშველო რგოლის გადაგდებაა რადიკალური ოპოზიციისთვის. სალომე ზურაბიშვილიც, როგორც რადიკალების პრეზიდენტი, რადგან სხვანაირად ვერ მოვიხსენიებთ, ზუსტად ამ ნარატივს მიყვება და ისიც იყენებს ამ გადმოგდებულ მაშველ რგოლს იმისთვის, რომ მმართველი გუნდის დისკრედიტაცია მოახდინოს", - ამბობს გივი მიქანაძე.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ქართველ ხალხს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები აქვს, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება დასავლეთის იმ "წესებით", რომელსაც ყველას უწესებს.