თუ ეს კურსი გაგრძელდა, ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას - გერმანიის პარლამენტის სპიკერები

07.09.24 16:35
თუ ეს კურსი გაგრძელდა, ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას - გერმანიის პარლამენტის სპიკერები

გერმანიის ბუნდესთაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები საქართველოში 4-6 სექტემბერს განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ოფიციალურ განცხადებას გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი პლატფორმა "X"-ზე აქვეყნებს, სადაც წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ძირს უთხრის, გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვერ დაუჭერს.

ამასთან, გერმანიის ბუნდესთაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, რომ შეაჩეროს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც უმცირესობების უფლებებს, პრესის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას ზღუდავს.

საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო მიზნადაც კი არის ჩაწერილი. ბოლო დროინდელი ავტორიტარული ტენდენციები და არადემოკრატიული ღონისძიებები ძირს უთხრის ამ დემოკრატიულ ნებას. ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.

თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი სამაგალითოა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას. ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია დემოკრატიული განვითარებისთვის.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს უმცირესობების უფლებებს, პრესის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დემოკრატიის საფუძველია. საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს. ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას და მოვუწოდებთ ყველას არაძალადობრივი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება არა მხოლოდ გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის, არამედ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა თავისუფალი საზოგადოების დასაყრდენს წარმოადგენს" - ნათქვამია განცხადებაში.