ჯეიმს ო'ბრაიენი თვლის, რომ "ოცნების" გზავნილები "სოციალური მედიის შეშლილ გვერდს ემსგავსება"

08.09.24 17:17
ჯეიმს ო'ბრაიენი თვლის, რომ "ოცნების" გზავნილები "სოციალური მედიის შეშლილ გვერდს ემსგავსება"

"ეს სოციალური მედიის შეშლილ გვერდს ემსგავსება" -  ამ განცხადებას ჯეიმს ო'ბრაიენი აკეთებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ინტერვიუს სრულ ვერსიას ამერიკის ხმა აქვეყნებს. 

ჟურნალისტმა ჯეიმს ო'ბრაიენი კითხა რას ფიქრობს "ოცნების" ნარატივზე რომლის  მიხედვითაც ივანიშვილზე და კობახიძეზე  თავდასხმა მზადდება, რაზეც სანქციების არქიტექტორად ცნობილი ობრაიენი პასუხობს, რომ ასეთი ინფორმაცია რომ ჰქონდეს, შეერთებულ შტატებს საქართველოს ხელისუფლებას დანაშაულის აღკვეთაში დაეხმარებოდა. 

ჟურნალისტი: პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ სულ ახლახან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს, და მისი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამიტომაა მიღებული. პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციაში თავდასხმების ინსცენირება იგეგმება მათ საკუთარ ლიდერებზეც, რათა წინასაარჩევნოდ ვითარება დაიძაბოს. გაქვთ თუ არა რაიმე ცნობები, ინფორმაცია ამის შესახებ, ან მსგავსი ეჭვი, წუხილი, და მთლიანობაში, როგორ ფიქრობთ, არის რისკი, რომ ამ პერიოდში ძალადობის ესკალაცია ვიხილოთ?

 ჯეიმს ო'ბრაიენი:  "ეს ძალიან სერიოზული საკითხებია. თუკი ჩვენ რაიმე საფრთხის შესახებ გვეცოდინებოდა, დავეხმარებოდით მის აღკვეთაში. ამ კუთხით, უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსთან ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო. მსგავსი საფრთხის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. რაც შეეხება ადამიანების მიერ საკუთარ თავზე თავდასხმას, ეს არ ჟღერს ისეთ რამედ, რაც პოლიტიკური ოპონენტისგან უნდა დაიჯერო. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე ეს უკვე სოციალური მედიის შეშლილ გვერდს ემსგავსება.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი კვლავ შეეხება იმას, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს, აირჩიოს, რა გზით წასვლა სურს, შეეძლოს თვითორგანიზება და ქვეყნის იმ მიმართულებით წაყვანა, რა მიმართულებაც მას სურს, რაც უნდა იყოს ეს. ჩვენ ამის მხარდაჭერას ვცდილობთ".