ივანიშვილი ოპოზიციას არაკონსტიტუციურად გამოცხადებით ისევ დაემუქრა
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აანონსებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ "რადიკალურ ოპოზიციას" დაასრულებს.
მისივე განცხადებით, "საქართველოში სამუდამოდ დასრულდება უცხო ქვეყნებიდან ჩვენი ხალხისთვის ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივი მცდელობებს".
მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას, რათა ერთი მხრივ, საქართველოს ომში ძალით ჩართვა ვერავინ - ვეღარასდროს შეძლოს, მეორე მხრივ კი შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და საქართველოს - ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების მიერ კონტროლირებადი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფო მიტაცებული. ფაქტობრივად, დღეს ჩართულნი ვართ არა წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას, სამწუხაროდ, არ უწევს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის; უსამშობლო, რადიკალური ოპოზიციის დამსახურებით, 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ - ომსა და მშვიდობას, ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალსა და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ. ამიტომ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის არჩევნებს და მასში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. როგორც წლების წინ, დღესაც, თქვენ წინაშე მდგომი, პირობას გაძლევთ, რომ თქვენი მხარდაჭერის შემდეგ, „ქართული ოცნება“, მშვიდობის, კეთილდღეობის და საქართველოს ღირსეული ევროპული მომავლის ერთადერთი გარანტი, ერთხელ და სამუდამოდ, არა მხოლოდ პოლიტიკურად დაასრულებს რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს, არამედ, დღის წესრიგში დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი.
ამას გარდა, გპირდებით, რომ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვების პირობებში, საქართველოში სამუდამოდ დასრულდება უცხო ქვეყნებიდან ჩვენი ხალხისთვის ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივი მცდელობები, არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ჩვენი რწმენა, კულტურა, ისტორია და ღირებულებები, რაზეც ვიზრდებოდით ჩვენ, იზრდებიან და მომავალშიც გაიზრდებიან ჩვენი შვილები. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით, არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება იმდენად დამაჯერებელი იყოს, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედოს იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის პოლიტიკური ქაოსი, რომლის მოწყობასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უცხოელ პარტნიორებთან ერთად მუდმივად ცდილობს.“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის განცხადებითვე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, "ქართული ოცნება" ქვეყანას საკონსტიტუციო მოწყობის ახალ მოდელზე გადაიყვანს.
გარდა ამისა, გამარჯვებისთანავე გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით.
ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს სწორედ იმ ფორმით, როგორსაც ის იმსახურებს. მართლმადიდებლური ქრისტიანობა კონსტიტუციით განმტკიცდება როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი! თუმცა, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საუკუნეებია, ჩვენ ვცხოვრობთ მრავალეთნიკურ ქვეყანაში, საქართველოში, სადაც ქართველებთან ერთად ასწლეულებია ცხოვრობენ, იბრძვიან, შრომობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი.ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს და ასე გაგრძელდება მომავალშიც - თითოეულ რელიგიური კონფესია ისევე იქნება დაცული, როგორც აქამდე, მათი თავისუფლების დაცვის გარანტი კი კვლავაც სახელმწიფო იქნება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა"- დასძინა მან.