"რუსული კანონი დამოკლეს მახვილით კიდია" - საკონსტიტუციო სასამართლო ისევ დუმს

09.09.24 11:54
"რუსული კანონი დამოკლეს მახვილით კიდია" - საკონსტიტუციო სასამართლო ისევ დუმს

საკონსტიტუციო სასამართლო ისევ დუმს. უკვე 9 დღე გავიდა, რაც პლენუმი სათათბიროდ გავიდა, თუმცა 8 მოსამართლე ისევ არ ამბობს, როდის გამოცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ის, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოში წლები იმუშავა, ამბობს, რომ ასეთი გაადაუდებელი მნიშვნელობის საქმეზე შუალედური გადაწყვეტილების მიღებას ამდენი დრო არ სჭირდება.

გადაწყვეტილების დროულად გამოცხადების მნიშვნელობაზე საუბრობენ მოსარჩელეებიც. 

ყოველ დღე დამოკლეს მახვილით კიდია ეს კანონი სამოქალაქო და მედიაორგანოზაციებზე და შეიძლება დაიწყოს ისეთი რეპრესიული ღობისძიებები, რომლითაც მოხდეს მაქსიმალურად შეზღუდვა ადამიანის უფლებების. ყოველი დღე არის საფრთხის შემცველი, ყოველ დღე არის შანსი, რომ გამოუსწრებელი ზიანი დადგეს. როგორც კი მოხდება მონიტორინგის დაწყება და ისეთი ინფორმაციის მიღება, რამაც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები დააზარალოს, მერე მისი გამოსწორება შეუძლებელი იქნება, - ამბობს ომბუდსმენის ყიფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

 "ერთიანობის" წევრი თამარ კორძაია პირდაპირ ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქეების და სახელმწიფოობრიობის  მხარეს არ დგას. 

უკვე ძალიან დაგვიანებულია. ყოველი წუთი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოუქვეყნებლობის და მიუღებლობის, არის დაგვიანება, რადგან წამზომია, პრაქტიკულად, ჩართული როგორც ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, ისე იმ უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელზეც ვდავობდით საკონსტიტუციო სასამართლოში. მაგრამ, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს სახელმწიფოს მხარეს, - ამბობს თამარ კორძაია.

ვერდიქტის დროულად გამოცხადების მნიშვნელობაზე საუბრობს "სასამართლო გუშაგის" დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილიც.

მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება. მხედველობაში მიიღოს მთელი ის რისკები, რომელიც ამ კანონის იმპლემენტაციას ახლავს და ძალიან კარგად იციან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა რამდენად რთული იქნება ეს მთლიანად მედიისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის თუკი კანონის ამოქმედება დაიწყება აქტიურად ხელისუფლების მხრიდან. ამდენად, მნიშნელოვანია, რომ გადაწყვეტილება გამოვიდეს ძალიან მალე, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

"პირველები" ცოტა ხნის წინ ქვეყნის მთავარი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, რათა გაეგო, როდის გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტულებას, თუმცა იქ განმარტებებს არ აკეთებენ.