"თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა" - სოფო ჯაფარიძე
"თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა" - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციის წევრის თქმით, დედაქალაქში ქაოტური მშენებლობის გამო მწვანე მასივი განადგურების პირასაა, რაც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მისივე თქმით, "ოცნების" ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელებეაზეა ორიენტირებული, თუმცა 26 ოქტომბრის არცევნების შემდეგ ყევლაფერი მოქალაქეების სასიკეთოდ შეიცვლება.
რამდენიმე დღეა ძალიან აქტიურად ვხვდებით ვაკის მოსახლეობას. შევხვდით უამრავ ადამიანს, ვიყავით ძალიან ბევრ ოჯახში და ძალიან რთულია ის პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც “ქართული ოცნების” მავნებლური პოლიტიკის გამო დგანან ეს ადამიანები, მაგრამ არ შეიძლება არ გამოვყოთ ერთ-ერთი პრობლემა, რა პრობლემაც არამხოლოდ ვაკის მოსახლეობას, არამედ მთელ თბილისს აქვს. დღეს რეალურად ჩვენი ქალაქი დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ხედავთ რა ხდება, ხედავთ, როგორ მასიურად ხმება ხეები. მწვანე მასივი, ფაქტობრივად, უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე. თბილისი აუცილებლად უნდა იყოს ევროპის დედაქალაქი, სადაც იქნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სადაც რეკრეაციულ ზონებში არ იქნება ასეთი ქაოტური მშენებლობები. “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება გაისქელონ ჯიბეები მათმა ჩინოვნიკებმა და მათთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა, რამაც მიგვიყვანა ამ ეკოლოგიურ კატასტროფამდე, რა კატასტროფის წინაშეც დღეს თბილისელები დგანან. ჩვენ აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ, აუცილებლად ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ის ქაოტური მშენებლობები, რაც დღეს თბილისში ხდება და რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს, ფაქტობრივად, მწვანე ქალაქი იქცა ბეტონის ჯუნგლებად. ჩვენ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დავასრულოთ. 26 ოქტომბერს სასწორზე დევს 14 მილიარდიანი დახმარება, 26 ოქტომბრის შემდგომ ჩვენ თუ “ქართული ოცნების” იზოლაციაში დავრჩებით, კიდევ უფრო მეტად გავღატაკდებით, კიდევ უფრო მეტად დაიცლება ჩვენი ქვეყანა, მაგრამ თუ ავირჩევთ ერთიანობას, ჩვენკენ აუცილებლად წამოვა 14მილიარდიანი დახმარება და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის წარმოუდგენელი პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი.” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.